სემეკმა საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 1 დეკემბრამდე კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 33 წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 22, ნაწილობრივ – 10 და არ დაკმაყოფილდა ერთი მოთხოვნა. ინფორმაციის ნაწილობრივ ან სრულად გაუცემლობა გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით, კონფიდენციალურობით ან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობით, რის შესახებაც წერილობით განემარტა საჯარო ინფორმაციის მომთხოვნს.

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომისიის 58 სხდომა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 54 დადგენილება და 1257 გადაწყვეტილება, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო 233 გადაწყვეტილება. კომისიის სხდომები საჯაროა, საანგარიშო პერიოდში სხდომის ნაწილის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა 1 გადაწყვეტილება.

კომისიის ვებგვერდზე www.gnerc.org, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება სრულად. ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებულ ინფორმაციას, ასევე, მოითხოვოს ინფორმაცია როგორც მარეგულირებელ კომისიაში უშუალოდ განცხადების შემოტანით (მის: მიცკევიჩის ქ. N19), ისე ელექტრონული ფოსტის – publicinfo@gnerc.org მეშვეობით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები