ვანო მეჭურჭლიშვილი: საირიგაციო სისტემა და წყლის მიწოდება უფრო სტაბილური, სამართლიანი და პროგნოზირებადი გახდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი, მიმდინარე წელს სემეკის მიერ მელიორაციის სექტორის რეგულირებას აჯამებს. მისი თქმით, რეგულირების შედეგად საირიგაციო სისტემა და წყლის მიწოდება ფერმერებისთვის უფრო სტაბილური, სამართლიანი და პროგნოზირებადი გახდა:
„ახალი რეგულაციის ძალაში შესვლიდან მოყოლებული, მარეგულირებელი კომისიის მიზანი იყო გამჭვირვალობა შეგვეტანა იმ პროცესებში, სადაც ინფორმაციის ნაკლებობა იყო. დღეს უკვე ხელმისაწვდომია მომდევნო, 2026 წლის მიწოდების რეჟიმის პროექტი, რომელიც მელიორაციის კომპანიამ გამოაქვეყნა. ეს არის ძირითადი დოკუმენტი, სადაც ჩანს, მთელი წლის განმავლობაში საირიგაციო სისტემაში სად და როდის იქნება წყალი. სწორედ ეს გეგმა განსაზღვრავს გარანტირებული მიწოდების პირობას, შესაძლებელი იქნება თუ არა წყლის დროული მიღება იმ პერიოდში, როცა კულტურას ყველაზე მეტად სჭირდება“, – აღნიშნა ვანო მეჭურჭლიშვილმა.
მისივე თქმით, მომავალი სეზონის დაგეგმვაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება: „საირიგაციო წყალი მხოლოდ შეთანხმებულ პერიოდში და შეთანხმებული მოცულობით არის დაშვებული. თებერვალ–მარტის თვეში განრიგის დროული გაფორმება იძლევა ყველაზე ძლიერ გარანტიას, რომ წყალს ფერმერი მიიღებს საჭირო დროს“, – აღნიშნა ვანო მეჭურჭლიშვილმა.