მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე – სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ყველა სამართალდამცველმა, რამდენიმე ათასმა ადამიანმა იმუშავა ძალიან ზუსტად
საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარ-კამპანიის ეს „მესიჯური” ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები ჩადიოდნენ დანაშაულს პირდაპირ ეთერში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს შეეხებოდა.
მისივე თქმით, სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ყველა სამართალდამცველმა, რამდენიმე ათასმა ადამიანმა იმუშავა ძალიან ზუსტად.
„კულისებში რა იყო ამაზე გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს ბუნებრივია და იქ იყო ბევრი დეტალი, რომელიც არათუ დანაშაულზე, არამედ დანაშაულთან ერთად ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა, დანაშაულის შედეგად რა შეიძლებოდა გამოწვეულიყო ამ ქვეყანაში და რამდენად სერიოზული დარტყმა შეეძლო მიეღო ქვეყანას მათი გეგმები და ზრახვები წარმატებული რომ ყოფილიყო. საბედნიეროდ, მთლიანი სამართალდამცავი სისტემა დადგა დეტალების სიზუსტით თავის სიმაღლეზე და ჩვენ შევძელით, რომ იმავე დღეს მოგვეხერხებინა როგორც დამნაშავეების დაკავება, ასევე იმავე დღეს მოგვეხერხებინა, რომ ამოწურულიყო ეს ინციდენტი, ყველაზე რბილი სიტყვით რომ მოვიხსენიოთ. ზედმიწევნითი სიზუსტით მოხერხდა იმ დღეს პოლიციის ყველა დანაყოფის მოქმედება, უსაფრთხოების და დაცვის სპეციალური სამსახურების ზედმიწევნითი სიზუსტით მოქმედება, პრევენცია, დაზღვევა. გახსოვთ, რომ პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიება, რომლითაც დადგინდა იარაღის ადგილსამყოფელი იმავე დღეს და უმოკლეს ვადაში ამ ღონისძიების დამთავრებიდან, ასევე მოხერხდა იმ იარაღის ამოღება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ მიერ მიღებული და მოპოვებული ინფორმაციით უნდა გამოყენებულიყო მოქალაქეების წინააღმდეგ. არის რაღაც ოპერატიული ინფორმაციები, რომლებიც შემდეგ მტკიცებულებებში არ აისახება ხოლმე ყოველთვის, ეს შეუძლებელია, ერთია ოპერატიული მხარე, მეორეა – მტკიცებულებითი მხარე. მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი პირდაპირ ეთერში და ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელს იხდიან უკვე. სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. ამის იქით მე რაც შემიძლია გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას იმით მხოლოდ და მხოლოდ, რომ ყველა სამართალდამცველმა, ვინც იყო ამ ღონისძიებაში ჩართული, რამდენიმე ათასმა ადამიანმა იმუშავა ძალიან ზუსტად,”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.