მამუკა მდინარაძე „კამიტის საქმეზე” – აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ამბობდნენ, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა, დარწმუნებული ვართ დეტალებისა და მტკიცებულებების სიზუსტით, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე მივაღწევთ უდავო წარმატებას
როდესაც პირადად მე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში, იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა „კამიტის საქმეზე”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქმის გამოძიების დროს პარადოქსული ნიუანსები აღმოჩნდა.
„აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი. როდესაც პირადად მე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში, იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა ამ საქმეზე. კამიტზე თავადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლებოდა სერიოზულად საუბარი. კამიტის შემდგომ ამბობდნენ, რომ არა კამიტი, მაგრამ ტრიქლორეთილენი იყო ის ნივთიერება, რომელიც ასევე მათი თქმით იყო აკრძალული ცალკეულ ქვეყნებში და ეს იქნა გამოყენებული. წავაწყდით ასეთ პარადოქსულ ამბავს, რომ არც ერთს მათ შორის, არც ჟურნალისტს, არც NGO-ს წარმომადგენელს, არც BBC-ის და ა.შ. ვინც ამაზე აპელირებდა, როგორც აღმოჩნდა, „დაგუგლული” და „დასერჩილიც” კი არ ჰქონდა ამის შესახებ, რადგან ბოლოს აღმოჩნდა, რომ ტრიქლორეთილენი უბრალოდ წყლაშიც კი არ ერევა. მისი სიმკვრივე, ელემენტარული ქიმია თუ ვინმემ იცის, აღმოჩნდა უფრო მეტი, უფრო მკვრივი აღმოჩნდა ეს ნივთიერება და წყალში გახსნის შედეგად ჩადის ქვემოთ და უბრალოდ, წყალშიც არ ერევა. ამის ფონზე ამბობდნენ ასეთ ფრაზებს და წინადადებებს, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა. ასეთი პარადოქსული ნიუანსები აღმოჩნდა იქ გამოძიების დროს და ჩვენ მაშინ უმოკლეს ვადაში დავადგინეთ, რომ ამაზე სერიოზული მსჯელობა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ეს დავასკვენით იმ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ამიტომ იყო ქართული სახელმწიფოს თამამი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ დაბრალებას გავასაჩივრებდით ყველა საერთაშორისო დონეზე და დარწმუნებული ვართ დეტალებისა და მტკიცებულებების სიზუსტით, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე მივაღწევთ უდავო წარმატებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.