შსს-ს გასამხედროებული ნაწილისთვის არჩევნებში მონაწილეობის წესი იცვლება

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებული ნაწილის თანამშრომელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუ მისი დისლოკაციის ადგილი და საცხოვრებელი ადგილის რეგისტაციის მისამართი სხვადასხვა საარჩევნო ოლქში იქნება. შსს-ს გასამხედროებული ნაწილის თანამშრომელთა არჩევნებში მონაწილეობაზე დაახლოებით ისეთივე წესი გავრცელდება, რაც თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისთვის გამოიყენება. “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ამ ცვლილებაზე იურიდიულ საკითხთა და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, რომლებსაც აქვთ დისლოკაციის ადგილი, კენჭისყრის დღეს დისლოკაციის ადგილზე იმყოფებიან, მათი საცხოვრებელი ადგილი, მისამართი და დისლოკაციის ადგილი არის სხვადასხვა საარჩევო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტაციის მისამართი და დისლოკაციის ადგილი ერთსა და იმავე საარჩევნო ოლქშია, ანუ ქუთაისელი პოლიციელი თუ სპეციალური რაზმის თანამშრომელი ვერ მიიღებს მონაწილეობას თბილისის მერის არჩევნებში და პირიქით”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. ხმალაძის თქმით, აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები გაიმართა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე პოლიტიკურ დონეზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები