მაკრონმა ევროკავშირს მოუწოდა, თავდაცვა გააძლიეროს

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გერმანიიდან ჯარების გაყვანის შესახებ, პირველ რიგში, თავად ევროპისთვისაა განკუთვნილი.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერევანში ჟურნალისტებს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის დაწყებამდე განუცხადა.

„ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება და შეიმუშაონ თავდაცვის ერთობლივი გადაწყვეტილებები“, – დასძინა მაკრონმა და აღიარა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხები მის საზღვრებს სცდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამიტის დროს მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ სომხეთისა და მოლდოვას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საკითხი.

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტზე საუბრისას, მაკრონმა განაცხადა, რომ მდგრადი გადაწყვეტის მიღწევა მხოლოდ ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნით არის შესაძლებელი, გემებზე გადაზიდვებისა და გადასახადების შეზღუდვის გარეშე. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჯერ ირანთან ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ადრე განაცხადა, რომ გერმანიიდან აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილის გაყვანა ირანის საკითხზე ტრამპთან მის უთანხმოებასთან არ იყო დაკავშირებული. მერცმა განაცხადა, რომ ჯარისკაცების ნაწილი დროებით იყო განლაგებული და მათი გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები უკვე გარკვეული პერიოდია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები