ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომლის მომსახურება ოთხი ეტაპისგან შედგება.
„პროექტი მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის როგორც სპორტულ, ისე კულტურულ-შემეცნებით საჭიროებებს.
კომპლექსი გააერთიანებს მულტიფუნქციურ სივრცეებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს.
შენობებში განთავსდება სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის განკუთვნილი სივრცეები, მათ შორის ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და ფარიკაობის დარბაზები.
მრავალფუნქციური კომპლექსი ასევე მოიცავს: მედიათეკას, ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეებს, სტემ-კლუბს, ღონისძიებების მრავალფუნქციურ სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.
კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია, ასევე, ავტოსადგომის, საფეხმავლო ბილიკების, რეკრეაციული ზონის და გამწვანების მოწყობა, ასევე გარე განათების, უსაფრთხოების და წყალმომარაგების სისტემების დაგეგმარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.