შსს-ს ევროკავშირის და აშშ-ს თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების ექსპერტები ეწვივნენ

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური ევროკავშირის და აშშ-ს თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების ექსპერტების დელეგაციას შეხვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები საქართველოში ქვეყნის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის შეფასების მიზნით იმყოფებიან. “პროექტის მიზანია საქართველოში სახელმწიფო სახმელეთო საზღვრებზე არსებული მდგომარეობის შეფასება და იმ სფეროების გამოვლენა, რომლებიც უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას საჭიროებენ, ინფრასტრუქტურის განახლების, თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც საზღვრების ეფექტურ დაცვას გააუმჯობესებს. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები სასაზღვრო პოლიციის და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს, ასევე, ადგილზე მოინახულებენ საქართველო-თურქეთის და საქართველო-სომხეთის სახმელეთო საზღვრის მონაკვეთებს და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესაბამისი მონაკვეთების საზღვრის შეფასების ანგარიშს მოამზადებენ. ანგარიშის მიხედვით, განხორციელდება საქართველოს სახმელეთო საზღვრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გაძლიერდება საზღვრის უსაფრთხოება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ,,მეტი – მეტისათვის, მიგრაცია და საზღვრის მართვა“ ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები