პრეზიდენტის ვეტო და აზრთა სხვადასხვაობა – რა მოყვება მარგველაშვილის გადაწყვეტილებას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებას ვეტო დაადო. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხელისუფლება იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაში სრული კონსენსუსია, სწრაფად უნდა იღებდეს.
გიორგი მარგველაშვილმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული მოსმენა-მიყურადების და ასევე კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის კანონიერი უფლება აღარ აქვს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც საკანონმდებლო ორგანოს “ელექტროული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში გუშინ განხორციელებულ ცვლილებზე ვეტოს დადების მიზეზებს განმარტავს. აქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად “გონივრულ ვადად” არაუგვიანეს 2014 წლის 1-ელ დეკემბერს ასახელებს. „საზოგადოებაში არის მტკიცე კონსენსუსი, რომ ამ საკითხზე პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს და ჩვენ უნდა გადავიდეთ დემოკრატიულ ფორმაზე. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც ვიცოდი, რომ ჩვენ გვისმენდა „კა-გე-ბე“, ამითი გავიზარდე. შემდეგ მე ვცხოვრობდი პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელშიც სახელმწიფოს გაძლიერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა აიღო უკანონო მოსმენები და შემდეგ ჩვენ – ყველამ ერთად ამ რეჟიმს გამოვუტანეთ განაჩენი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორი წლის თავზე, რაზეც მთელი საზოგადოება შეთანხმებულია და არის კონსენსუსი უნდა დავაყენოთ კანონის ფორმაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა ვეტოს დადების მიზეზად. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეპუტატები აფასებენ. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უმრავლესობის უნიათობის შედეგია. მისივე თქმით, პარლამენტი ვეტოს ვერ დაძლევს. “ეს იყო უმრავლესობის უნიათობისა და პრინციპების არქონის გამოვლენა, ერთი მხრივ, ვერ შეთანხმდენენ მექანიზმებზე – ამ ე.წ. გასაღებზე წვდომის, მონაცემების შენახვის თაობაზე და, მეორე მხრივ, თავისივე იდეების – ამ საკითხის სამოქალაქო საზოგადოების მიერ კონტროლის თაობაზე უარყვეს. სამართლებრივ ჩიხში შევიდნენ, წარამტებით ქმნიან პრობლემებს და შემდეგ “წარმატებით“ ცდილობენ ამ პრობლემების დაძლევას. მე მგონი, ძალიან მცირეა ვეტოს დაძლევის შანსი, თუ ვეტო დაძლიეს, ეს ნიშნავს, რომ მათ შეძლეს საპარლამენტო უმრავლესობის იმ ნაწილის გადაბირება, რომლებიც გულანთებულები ეწონააღმდეგებოდნენ კანონის ამ სახით მიღებას. ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ეს მოახერხონ, “- განუცხადა “კვირას“ დავით დარჩიაშვილმა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორი, პრინციპული და სამართლიანია. მისივე აზრით, პარლამენტი არა ვეტოს დაძლევის გზით უნდა წავიდეს, არამედ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ საკითხზე მოლაპარაკება უნდა მოხდეს. „ამ კანონის მიღებას ვეწინააღმდეგებოდით ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ეწინააღმდეგებოდა არასამთავრობოების ნაწილი. ამიტომ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პრეზიდენტმა, გახლავთ სწორი, პრინციპული და გამართლებული. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ, როგორც პარლამენტს, გვრჩება ორი გზა. უმრავლესობა შეეცდება ხმების მექანიკური მოგროვების გზით და ხელების გადაგრეხით გადალახოს პრეზიდენტის ვეტო, ან მეორე, ყველა ერთად შევაფასებთ შექმნილი სიტუაციის სირთულეს და შეთანხმების გზით მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესს მოემსახურება. მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას და ხელისუფლებას, არ წავიდეს პირველი გზით, ვინაიდან სწორედ მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ უკანონო მოსმენების გაგრძელებისთვის, რომელიც ქვეყანაში ხდება. ახლა მთავარია, პარლამენტი წავიდეს არა ვეტოს დაძლევის, არამედ მოლაპარაკებების გზით“,- განაცხადა ბაქრაძემ. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოსაზრებებს, დეპუტატი მანანა კობახიძე თვლის, რომ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია შესული და მისი ამოქმედება ისეთ ტექნიკურ საკითხს, როგორც ვადებია, არ უნდა შეეწიროს. „გუშინ ამ კანონს მხარდაჭერა არ ჰქონდა, ამიტომ პრობლემა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს არის დემოკრატიული პროცესი, ასეთია ურთიერთობა პრეზიდენტსა და პარლამეტს შორის. მას უფლება ჰქონდა, გამოეყენებისა ვეტოს უფლება და გამოიყენა. ჩვენ ვალდებული ვართ, განვიხილოთ და ან გავიზიაროთ, ან არა. ამ ტექნიკურ საკითხს, ვადებს არ უნდა გადავაყოლოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა კობახიძემ. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებამ დაარწმუნა, რომ საქართველოში არის ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი და ეს ფაქტი ხელისუფლების გამარჯვებას, დემოკრატიის არსებობას ნიშნავს, რაც სწორედ დღევანდელი მმართველობის ფარგლებში იქნა მიღწეული. „საქართველოს ჰყავს ძლიერი პრეზიდენტი, საქართველოში არის ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი, საქართველოს ჰყავს მთავრობა და პარლამენტი, რომელთა მმართველობის პირობებში შესაძლებელია, ვეტოს გამოყენება. მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების ყველა შტო ხვდება, ან მიხვდება, რომ დღეს არავინ არ დამარცხდა, პირიქით: ეს დღე ყველა მათგანის გამარჯვებაა, რადგან სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ეს და ეს – დემოკრატიაა“, – ამბობს ექსპერტი. დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება.10751776_968735576487792_952501946_n
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებებს უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა მხარი გუშინდელ კენჭისყრაზევე არ დაუჭირა. “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მისი გუნდის კანონპროექტს მხარს არც ახლა უჭერს.
„მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ, შემჭიდროვებულ ვადებში და გონივრულად უნდა წარიმართოს, იმიტომ, რომ იმ ეპოქალურ ცვლილებას, რომელიც შეეხება ამ მოსმენებს, თვალთვალს, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ გავიდა. პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი, პირველი აპრილის ნაცვლად, 28 თებერვლამდე უნდა მოემზადებინა და დაემტკიცებინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონპროექტისთვის პრეზიდენტს ხელი დღეს უნდა მოეწერა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები