„ფიჭური კომპანიებისთვის მოსმენების ე.წ. გასაღების გადაცემა დაუშვებელია“

სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელმა, უშიშროების ყოფილმა პოლკოვნიკმა ბესიკ ალადაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც ფიჭური კომპანიებისთვის მოსმენების ე.წ. გასაღების გადაცემას შეიძლება მოყვეს. ალადაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს ფიჭურ კომპანიებს, ამასთან, გაიზრდება საფრთხე იმისა. რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ინფორმაციის მოპოვების მიზნით კომპანიებში ჯაშუშები ჩანერგონ.
კიდევ ერთ საფრთხედ ალადაშვილი ბიზნესკონკურენტების მხრიდან ფიჭური კომპანიების მოსყიდვის მცდელობას ასახელებს. მისი განმარტებით, მსხვილი კომპანიები დიდ თანხას გადაიხდიან იმაში, რომ ერთმანეთის საიდუმლო ინფორმაციის გაგება შეძლონ.
„სასამართლოს მხრიდან უნდა გამკაცრდეს იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლის საფუძველზეც ფარული მოსმენის ნებართვის გაცემა ხდება. თუმცა უკანონო მოსმენებისგან სრული დაცვა, ეს იქნება სატელეფონო თუ სხვა ტექნიკური საშუალებებით, არ არსებობს. დაუშვებელია ფიჭური კომპანიებისთვის მოსმენების ე.წ. გასაღების გადაცემა. ფიჭურ ოპერატორებს ვერ გააკონტროლებს სახელმწიფო. ამ შემთხვევაში ბევრი რისკი არსებობს. ეს ოპერატორებს ფინანსურ დანახარჯებს და პასუხისმგებლობას გაუზრდის, ფიჭური ოპერატორები გახდებიან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ოპერატიული შესწავლის საგანი და კომპანიებში აგენტებს შეგზავნიან. კიდევ ერთი საფრთხე არის ის, რომ თუ აღნიშნულ საქმეში სრულად ჩაერთო ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორი და მას მიეცა უფლება, რომ იცოდეს, ვის უსმენენ, ეს შეიძლება ბიზნესის დაინტერესების საგანი გახდეს და, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, კონკურენტზე ინფორმაციის მიღების საფრთხე გაჩნდეს. აქ შეიძლება ჩაერთოს სოციალური სფეროც. დღეს მოქალაქე ვერ მივა და ვერ იტყვის, რომ მის ქმარს, ან ცოლს მოუსმინონ, რადგან სპეცსამსახურთან ვერ მივა, ფიჭურ კომპანიებთან კი მივა და მას უკანონოდ მოუსმენს“,- განაცხადა ბესიკ ალადაშვილმა.
ალადაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო დონეზე მოსმენების საკითხზე მსჯელობაში ბევრი დრო დაიკარგა. მისი თქმით, აქამდე საკითხის რეალური განხილვა უნდა მომხდარიყო. უშიშროების ყოფილმა პოლკოვნიკმა საუბრისას ხელისუფლებაც გააკრიტიკა, მისი განცხადებით,“ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პროგრამაში არსებულ დაპირებებს არ ასრულებს, რის გამოც ქვეყანაში დღემდე სპეცსამსახურების რეორგანიზაციის სტრატეგია არ არსებობს.
„არ წამოვიდა წინადადებები, როგორ გამკაცრებულიყო რეალური კონტროლი მოსმენებზე სასამართლოს მხრიდან. არასამთავრობოებიც ჯიურად ითხოვენ იმას, რაც არ არის ღრმად შესწავლილი. სამწუხაროდ, ჩვენ სპეცსამსახურების რეორგანიზაციის სტრატეგია არა გვაქვს, ის რაც ეწერა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში, არ ხორციელდება“,- განაცხადა ბესიკ ალადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები