ბერკლის სამუსიკო სკოლის მაგისტრანტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია სწავლა საზღვარგარეთ.
აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, 2014-2015 სასწავლო წლისათვის დაფინანსება 4-მა სტუდენტმა მოიპოვა. მათ შორის ერთ-ერთი ბერკლის სამუსიკო კოლეჯის მაგისტრატურის სტუდენტი – ანა ქასრაშვილია, რომელიც სწავლობს კინოს, სატელევიზიო და ვიდეოთამაშების მუსიკის ფაკულტეტზე.
ბერკლის სამუსიკო კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში 1945 წელს დაარსდა. მუსიკალურ სფეროში ბერკლი ითვლება, როგორც წამყვანი კოლეჯი სხვადასხვა მნიშვნელოვან დარგში თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და ინოვაციების თვალსაზრისით. ბერკლის კურსდამთავრებულები გრემისა და სხვა მრავალი მუსიკალური ჯილდოს ლაურეატები არიან.
„2012 წელს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიხსნა ბერკლის კოლეჯის მაგისტრატურა, სადაც ისწავლება კინოს მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნება და მუსიკის ტექნოლოგიური ინოვაციები. კინოს მუსიკის პროგრამა გამოირჩევა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებით. თვეში ორჯერ ესპანეთის ერთ-ერთ წამყვან მუსიკალურ სტუდიაში იწერება სტუდენტების მიერ დაწერილი ნაწარმოებები ვალენსიის ოპერის ორკესტრის წამყვანი მუსიკოსების შესრულებით. კოლეჯს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ცნობილი მუსიკოსები და სტუდენტებს უზიარებენ გამოცდილებას. ბერკლის კოლეჯში სწავლა ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული ზრდისთვის, ასევე წარმატებული კარიერის შექმნისთვის. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რომლის შედეგადაც მომეცა შანსი, დავეუფლო კინოს მუსიკის შექმნის ხელოვნებას და განვახორციელო დასახული სამომავლო გეგმები“, – ამბობს ანა ქასრაშვილი.
კინომუსიკის სამაგისტრო პროგრამაზე ამ ეტაპზე 200 – მდე სტუდენტი სწავლობს და ანა ქასრაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც წინ ბევრი სირთულე, შრომა და, რასაკვირველია, დიდი წარმატება ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები