აჭარაში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები განიხილეს. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“გიორგი ფანცხავამ ხაზი გაუსვა ბრძოლის პროცესში სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობასა და მზაობას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის აჭარის ჯგუფის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარე წელსაც პროგრამის შესაბამისად გაგრძელდება. ამ ეტაპზე, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი მავნებლის რაოდენობის დადგენის მიზნით, ხორციელდება მონიტორინგი და ღონისძიებები შედეგების შესაბამისად დაიგეგმება”,- წერია ინფორმაციაში.