გიორგი მამაცაშვილი: ამ ადამიანებმა წარუშლელი კვალი დატოვეს ქართულ ჟურნალისტიკაში, ფოტოდოკუმენტალისტიკაში, საქართველოს ისტორიაში
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დილის ეთერში იმ უნიკალურ პროექტზე ისაუბრა, რომელიც 50 ქართველი ფოტორეპორტიორის პერსონალური ალბომის გამოცემას ითვალისწინებას. პროექტს ფედერაცია კულტურის სამინისტროს უშუალო მხარდაჭერით ახლორციელებს.
უკვე გამოიცა 4 წიგნი, რომლებშიც შესულია ალექსანდრე კოტორაშვილის, ჯემალ კასრაძის, ბადრი ვადაჭკორიასა და დემიკო ლოლაძის შემოქმედება.
როგორც გიორგი მამაცაშვილმა გადაცემაში – „დღე პირველ არხე“, საუბრისას აღნიშნა “50 ფოტორეპორტიორს” შორის გამოიცემა ასევე ალექსანდრე როინაშვილის, ნინო ჯორჯაძის, დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე სააკოვის ალბომები. ამ ადამიანებმა წარუშლელი კვალი დატოვეს ქართულ ჟურნალისტიკაში, ქართულ ფოტოდოკუმენტალისტიკაში, საქართველოს ისტორიაში.
„11 წლის ასაკიდან დავიწყე ფოტორეპორტიორობა. მე თვითონ მაქვს გავლილი ის გზა, რომელსაც ფოტორეპორტიორები გადიან – წვალებას, დაუფასებელ, სახიფათო შრომას. ოცნებად მქონდა, ჩემ კოლეგებს, უფროს მეგობრებს, ფოტოჟურნალისტიკაში დამსახურებელი კოლეგებს ჰქონოდათ ფოტოალბომები, მაგრამ 90-იან წლებში ამის შესაძლებლობა არ იყო. ალბომი ვის ახსოვდა, გადარჩენისთვის იბრძოდა ხალხი. როდესაც ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარედ ამირჩიეს, პირველი იდეა, რაც ვთქვი, იყო – ამ დამსახურებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ალბომები. ბონდო დადვაძეს, დავით იაკობაშვილს, გენადი სანაიას ალბომები არ გააჩნიათ. არიან ისეთი ფოტორეპორტიორები, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს და რომლებმაც აქამდე მოიტანეს ფოტოჟურნალისტიკა.
არ შეიძლება არ აღინიშნოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა და პირდად მინისტრის, თიკა რუხაძის ერთსულოვანი მხარდაჭერა ამ იდეისა. არ დავიღლებით მადლობის გადახდით. რომ არა კულტურის სამინისტრო ეს პროექტი დღის სინათლეს ვერ ნახავდა. მადლობა ალექსანდრე გრიგალაშვილს, რომელიც კონსულტაციებმა ასეთ კარგ შედეგამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.
მან ასევე დააანონსა პაატა ნაცვლიშვილის წიგნის – „თემო ნაცვლიშვილი 100“, პრეზენტაცია, რომელიც 20 მარტს ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.
„ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელშიც მთავარი მიზეზი კულტურის სამინისტროა. ჯერ თემურ ნაცვლიშვილს რომ ეხება წიგნი და მერე – პაატა ნაცვლიშვილის გაკეთებულია”, – განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ფოტორეპორტიორების წიგნები გამომცემლობა „სეზანში“ იბეჭდება, სადაც „არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელსაც შეგიძლია ენდო“.
კითხვაზე, ფოტოხელოვნება თუ ფოტორეპორტაჟი? გიორგი მამაცაშვილმა აღნიშნა, რომ ფოტოხელოვნება არის უპირველესად ფოტორეპორტაჟი, მერე იქმნება ე.წ. დადგმული კადრები.
„დადგმული დავარქვათ დემიკო ლოლაძის ალბომის ყდაზე გამოტანილ ფოტოს, სადაც იპოლიტე ხვიჩია და ოთარ მეღვინეთუხუცესი საუბრობენ – დიდი ტრაგიკოსი და დიდი კომიკოსი, მაგრამ ის არის შედევრი. თუნდაც ავიღოთ ბადრო ვადაჭკორიას ფოტო, რომელზეც დედაენის ძეგლია გადაღებული. ასეთი რაკურსით გადაღებული დედაენის ფოტო, ტაძრის ფონზე, მე არ მინახავს. ამას გნებავთ დადგმული დაარქვით, გნებავთ რეპორტაჟული, ეს არის ხელოვნების ნიმუში. ჯემალ კასრაძის ფოტო ავიღოთ, მერაბ კოსტავა მიტინგზე – ეს არის ერთ-ერთი უიშვიათესი კადრი, რომელიც ეროვნული გმირის, კოსტავას ხასიათს გამოხატავს. ბატონმა ჯემალმა გადაიღო რეპორტაჟულად, მაგრამ აღმოჩნდა შედევრი“, – განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, 50 ქართველი ფოტორეპორტიორის ალბომების ონლაინ საიტის გაკეთება იგეგმება, სადაც ახალგაზრდა თაობა შეძლებს ყველა ფოტოს ნახვას. სერიის მომდევნო წიგნები ორენოვანი (ქართული და ინგლისური) იქნება.
წყარო: https://reportiori.ge/