„ქართული ფოტოგრაფიის“ სერიული გამოცემა დაიწყო – „თითოეული კადრი — ეს არის ეპოქის სუნთქვა“

საქართველოს ჟურნალისტა ფედერაციამ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დაიწყო ქართველი ფოტოხელოვანების ალბომების სერიული გამოცემა. სულ 50 წიგნის დაბეჭდვა იგეგმება, რომელიც დოკუმენტური კადრების გარდა ქართველი ხელოვანების შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებსა და პროექტის ფარგლებში მათთან საგანგებოდ ჩაწერილ ინტერვიუებს შეიცავს. პროექტის კონცეფციისა და დიზაინის ავტორი, მხატვარი და ჟურნალისტი – პაატა ნაცვლიშვილია.

პროექტის პირველმა 4-მა ფოტოალბომმა უკვე იხილა დღის სინათლე – ალექსანდრე კოტორაშვილის, ჯემალ კასრაძის, დემიკო ლოლაძისა და ბადრი ვადაჭკორიას ფოტოარქივში შემონახული უნიკალური კადრები ამიერიდან ნებისმიერი ფოტომოყვარულის საოჯახო ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას.

50 ფოტოხელოვანის სერიის პირველი 4 ფოტოალბომის საზეიმო წარდგენას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 5 მარტს უმასპინძლა. ღონისძიება ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა.

მისი შეფასებით, პროექტი – „ქართული ფოტოგრაფია – 50 ფოტოხელოვანი“ – ეს არ არის მხოლოდ წიგნი. ეს არის ისტორიის, მეხსიერების და ეროვნული თვითშეგნების ერთიანი სივრცე, რომელიც ფოტოობიექტივის მეშვეობით გვიყვება საქართველოს გასული ათწლეულების ამბავს.

„ბიბლიოთეკა, როგორც მეხსიერების ინსტიტუცია, მხოლოდ წიგნების საცავი არ არის. იგი არის ადგილი, სადაც ინახება ერის სულიერი და კულტურული გამოცდილება. ფოტოგრაფია კი სწორედ ის დოკუმენტური და, ამავე დროს, მხატვრული ენაა, რომელიც დროის სულს უშუალოდ და გულწრფელად ასახავს.

თითოეული კადრი — ეს არის ეპოქის სუნთქვა, ისტორიის პულსი, ადამიანის ემოცია. ქართველმა პოეტმა, ნიკო სამადაშვილმა ვარსკვლავებს მარადისობის ჭუჭრუტანები უწოდა; ქართველ ფოტოხელოვანთა ნამუშევრებს შესაძლოა ვუწოდოთ საქართველოს უახლესი ისტორიის ნიჟარებში მომწიფებული მარგალიტები“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციასა და კულტურის სამინისტროს ამ მასშტაბური და ამბიციური ინიციატივისთვის.

მისივე შეფასებით, თითქმის 70-წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაციისთვის ეს პროექტი ნამდვილად გამორჩეული ეტაპია — საძირკველი, რომელიც მომავალ თაობებს დაუტოვებს სისტემატიზებულ, გააზრებულ და მაღალი ხარისხით გამოცემულ ფოტომემკვიდრეობას.

„სახელმწიფოს ჩართულობა კულტურულ პროცესებში ყოველთვის ნიშნავს პასუხისმგებლობას მომავლის წინაშე. სწორედ ასეთი პარტნიორობა ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც ეროვნული კულტურა მტკიცედ დგას“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ახალგამოცემულ ფოტოალბომებში შესული თითოეული კადრი განსაკუთრებული რუდუნებით არის შერჩეული, მთავარი კრიტერიუმია – ტექსტის გარეშე ისაუბრონ იმ დროსა და ეპოქაზე, რომელიც მომავალ თაობებს არა მხოლოდ ინფორმაციას მიაწვდის, არამედ იმ დროის განცდებსა და ემოციებს გაუზიარებს, დააფიქრებს და გაახალისებს.

ფოტოები გვიყვებიან საქართველო უახლეს წარსულზე – ეროვნული მოძრაობის წლებიდან დაწყებული დღემდე განვითარებულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ- კულტურულ მოვლენებზე. 4 გამორჩეული ფოტოხელოვანის მიერ შექმნილი ფოტომატიანე მომავალი თაობებისთვის მართლაც რომ უნიკალური საჩუქარია. ნახევარ საუკუნეზეა მეტია, ეს ადამიანები სამყაროს ფოტოობიექტივიდან უყურებენ და ქმნიან დოკუმენტურ კადრებს, რომლებიც დროში მოგზაურობის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენენ.

როგორც ფოტოხელოვანმა, ბადრი ვადაჭკორიამ ღინისძიებაზე მისულ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროექტით საუკეთესო საქმე კეთდება. დემიკო ლოლაძემ კი აღნიშნა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, ის, რასაც მოყვარულის დონეზე იღებდა, ოდესღაც წიგნის სახეს მიიღებდა.

ღონისძიება სიტყვით გამოვიდნენ სარედაქციო ჯგუფის წევრები.

ჟურნალისტა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა ხუბუა: ჩემს გამოსვლაში მინდა მოვიხმო ჩვენი კოლეგის, პაატა ნაცვლიშვილის სიტყვები, სადაც იგი ერთგან წერს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში არ მოხვედრილან დემიკო ლოლაძის ფოტოობიექტივში, ფაქტობრივად, ტყუილად უცხოვრიათ. ნამდვილად ასეა, ძნელია იპოვო დღეს საქართველოში, თბილისში განსაკუთრებით, წარჩინებული თუ უჩინო ადამიანი, რომელიც არ მოხვედრილა ბატონი დემიკოს ფოტოობიექტივში. აქედან 100 ფოტოს ამორჩევა, ნამდვილად არ იყო იოლი საქმე. რადგან ბატონი დემიკო არ გაგვიწყრა, გამოდის, რომ არც თუ ურიგოდ გაგვიკეთებია ჩვენი საქმე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის გიორგის, ამ პროექტის ავტორსა და სულის ჩამდგმელს. მადლობა თითოეულ თქვენგანს.

პროექტის კონსულტანტი, ბონდო მძინარაშვილი: ძალიან რთული იყო ამ პროექტზე მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციის თავმჯდომარისა და გუნდის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი და მონდომება იყო. ძალიან რთული იყო თვითონ პროექტის დაწყების გარისკვა, იმიტომ, რომ როცა იწყებ, შუა გზაზე არ უნდა მიატოვო. ფოტოები უნდა შეარჩიო დიდი პასუხისმგებლობით, იმიტომ, რომ ეს არ არის საოჯახო ალბომი, ეს არის ალბომი, რომელიც უნდა დარჩეს შთამომავლობას. ბევრ იმ ადამიანს, რომელსაც ამ ალბომებში ნახავთ, ბევრი თქვენგანი იცნობთ და გქონიათ მათთან ურთიერთობა. მაგრამ ამ ალბომის ჩანაფიქრია ის, რომ 50 და 100 წლის შემდეგ, ახალმა თაობამ, რომელიც ნახავს ამ ალბომებს, გაიხსენოს ჩვენი ქვეყნის სახელოვანი ადამიანები. ალბათ, ჩვენ შორის არავინ არის ისეთი, ვისაც ელისაბედ ჩერქეზიშვილი ნანახი ჰყავს სცენაზე, ან იმ დროინდელი სხვა მსახიობები, მაგრამ სურათები, რომლებიც მაშინ ვერცხლით იბეჭდებოდა და შემორჩენილია დღემდე, ჩვენში აჩენს სწორედ იმ განცდას, რომ იმ ეპოქაში დიდი კულტურა იქმნებოდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მემკვიდრეობის თაობებისთვის შემონახვას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვა ალბომებზეც. მართლაც, დიდი პასუხისმგებლობაა ამ რისკიანი ნაბიჯის გადადგმა. ერთი წიგნის გამოცემა კიდევ ჰო, მაგრამ მთელი სერიის დაგეგმვა, სულ სხვა მონდომებას მოითხოვს. მადლობა კულტურის სამინისტროს, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარა. საბოლოო ჯამში დავრწმუნდით, რომ შეგვიძლია დიდი ტვირთის აწევა. გიორგის დიდი ხნის ნატვრა იყო, რომ გამოგვეცა ქართული ფოტოგრაფიის სერია, – საბოლოოდ მივხვდით, რომ ეს პროექტი იდეის დონეზე არ უნდა დარჩენილიყო.

ჟურნალისტი არჩილ გოგელია: ბედნიერი კაცი ვარ, რომ ყველა ამ ფოტოხელოვანთან მიმუშავია. უმეტესობა მათგანთან ერთად ვაკეთებდი გაზეთებს, ჟურნალებს. ვერც გაზეთსა და ვერც ჟურნალს ფოტოს გარეშე ვერ გააკეთებ.

თბილისის საპატიო მოქალაქე, გრიგოლ ჩიგოგიძე: გიორგი პიონერფილმელია და იმიტომ არის ასეთი კარგი. დიდი მადლობა, გიორგი, ძალიან საინტერესო წიგნია. კიდევ მადლობა იმისთვის რომ 63-ე გვერდზე ჩემი სურათია რეზო ჩხეიძესთან ერთად. გილოცავ.

ჟურნალისტი და პუბლიცისტი სოსო ჭუმბურიძე: ამ 4 გამოჩენილი ფოტოხელოვანის შემოქმედება ძალიან ნაცნობია ჩემთვის. ძალიან მომწონს დიზაინი და კონცეფცია. მომწონს ფორმატი, წიგნის გვერდებზე არსებული სინათლე და სითეთრე. ძალიან ეფექტიანი დასაწყისია ამ არაჩვეულებრივი პროექტისა. ქართული ფოტოხელოვანის 4 კორიფე არის წარმოდგენილი. რა განასხვავებს მათ? რა ქმნის მათ ინდივიდუალობას? ალბომებში შესულია არაჩვეულებრივი პორტრეტები, განსაკუთარებით მომწონს ის პორტრეტები, რომელშიც ასახულია ურთიეთობა. რანდენიმე ფოტოშედევრიც კი დავთვალე ამ კრებულებში და მათი ავტორები ახალი კუთხით გავიცანი.

საზეიმო ღონისძიების დასასრულს, ფოტოხელოვანები – ალექსანდრე კოტორაშვილი, ჯემალ კასრაძე, დემიკო ლოლაძე და ბადრი ვადაჭკორია ქართულ კულტურასა და ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთარებული ღვაწლისთვის ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ. აგრეთვე, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ, გიორგი მამაცაშვილმა მადლობის ჯილდო გადასცა კულტურის მინისტრს, თიკა რუხაძეს პროექტის – „ქართული ფოტოგრაფია“ – მხარდაჭერისთვის, დამსახურებული და ღვაწლმოსილი ფოტორეპორტიორებისა და ჟურნალისტების დაფასებისა და თანადგომისთვის.

როგორც გიორგი მამაცაშვილმა აღნიშნა, ამ წიგნების გამოცემის მხარდაჭერით კულტურის სამინისტრომ ლეგენდარულ ადამიანებს ძეგლი დაუდგა.

წყარო: https://reportiori.ge/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები