“საკმაოდ გრძელი დღის წესრიგია და დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოზე მსჯელობას საერთოდ მოახერხებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში, “მოსახლეობა მათგან ახალს და საინტერესოს არაფერს მოისმენს”.
„ახალი არაფერი ხდება, უკვე მერამდენედ იკრიბებიან. გასაკვირი ისაა, რომ ევროკავშირის გარშემო მთელი მსოფლიო როცა იქცევა, საქართველოს დრო დაუთმეს – მაშინ, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. საკმაოდ გრძელი დღის წესრიგია და დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოზე მსჯელობას საერთოდ მოახერხებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსახლეობა მათგან ახალს და საინტერესოს არაფერს მოისმენს. არ ვიცი, საიდან იყურებიან და რას უყურებენ, როცა საქართველოს თაობაზე ასეთ შეფასებებს აკეთებენ, მაგრამ შემიძლია, მათ რუკა გავუგზავნო – იქნებ ისწავლონ, დახედონ, სად არის რეგიონი. ვნახეთ, რომ ზოგიერთს წარმოდგენა არ აქვს, ირანი და რეგიონი სად არის. ქვეყანაზე ზედაპირული შეფასებების და ახალი ველოსიპედის გამოგონების ნაცვლად, დიალოგის კარი კი არ უნდა მიიჯახუნონ, არამედ მაგიდასთან დასხდნენ, პრობლემებს თვალი გაუსწორონ და თქვან, რაზე უნდა ვიმსჯელოთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ უფლება აქვს, იძულების წესით რაღაც სხვა ქვეყანას თავს მოახვიოს. დიალოგის სურვილის ნაკლებობას როცა ვხედავთ, მაშინ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.