რუსეთის დუმაში ობამა ჰიტლერს შეადარეს: ნობელის მშვიდობის პრემია ობამას უნდა წაერთვას და პუტინს გადაეცეს

რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატი „ლდპრ“-იდან რომან ხუდიაკოვი ბარაკ ობამასთვის ნობელის მშვიდობის პრემიის წართმევის ინიციატივით გამოდის. „იზვესტიას“ ინფორმაციით, დეპუტატმა ნობელის კომიტეტისთვის შესაბამისი წერილი უკვე მოამზადა. ხუდიაკოვის მიმართვის მოტივი – ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ლიდერის პოლიტიკაა. გარდა ამისა, დეპუტატმა მოიგონა, რომ „აშშ-მ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი და 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილების წამება დააფინანსა“.
ხუდიაკოვი აღშფოთებულია, რომ ბარაკ ობამა ნობელის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს.
„აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან მე მხოლოდ ომს, დანგრევას, ძალადობას და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას ვხედავ. ამიტომ ბევრი საერთაშორისო ექსპერტი ობამას პრეზიდენტობას „შავ დროდ“ იხსენიებს. ყველაფერი ეს ცხოველური პოლიტიკისგან გამომდინარეობს, რომელსაც, ნაპოლეონისა და ჰიტლერის მსგავსად, ის მთელ მსოფლიოში ატარებს. მინდა გავაფრთხილო ობამა, ისტორიას უფრო ყურადღებით მოეპყრას და მიხვდეს, რომ შესაძლოა, ისევე დაამთავროს, როგორც ეს ჰიტლერს დაემართა“, – განაცხადა დეპუტატმა.
ხუდიაკოვის აზრით, ნობელის მშვიდობის პრემია ვლადიმერ პუტინს უნდა გადაეცეს.
„ბარაკ ობამა ნობელის მშვიდობის პრემიას არ იმსახურებს. მას ერთადერთი ადამიანი – ჩვენი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმსახურებს, იმიტომ რომ მან ირანში, სირიაში ომი შეაჩერა და დიდი სისხლისღვრისგან უამრავი ადამიანის დაცვას აგრძელებს. ეს პოლიტიკოსის მკვეთრი მაგალითია, რომელმაც მსოფლიოში სიყვარული და მშვიდობა უნდა დაიცვას“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები