გიორგი ჯინჭარაძემ 100 წელს გადაცილებულ დევნილ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე – გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროს გიორგი სუთიძესთან ერთად, იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც 100 წელს გადაცილებულ დევნილ ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი ქალბატონებს სახლში ეწვივნენ, მათ მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო გამოხატეს და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.
გიორგი ჯინჭარაძის თქმით, 100 წელს გადაცილებული ქალბატონები არიან ცოცხალი მემატიანეები და სიმბოლოები იმ გამძლეობისა, რაც აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას ახასიათებს. მსგავსი ღონისძიებები კი მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის მიმართ მუდმივი ზრუნვისა და თანადგომის გამოხატვას.
„მქონდა პატივი 8 მარტი მიმელოცა ორი გამორჩეული ქალბატონისთვის, რომლებიც 100 წელს არიან გადაცილებული. ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ ჩვენმა ქალბატონებმა მუდმივად იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ქალთა კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სადღესასწაულო და საქველმოქმედო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.