უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ხმაური იყო – ოპერაციის შემდგომ გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს
უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ხმაური იყო. გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრები კლინიკის ექიმს ადანაშაულებენ, რომელმაც პაციენტს შარდ-კენჭოვანი დაავადების ენდოსკოპიური ოპერაცია ჩაუტარდა.
“როგორ მოკლეს ბავშვი, მოვიდნენ და გვიპასუხონ. თავიდან გვითხრეს, არაფერი საშიში არ არის. ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. შეიყვანეს ოპერაციაზე, მეორე დღეს დარეკეს, ყველაფერი ნორმალურადაა და ყველაფერი მოწესრიგებულიაო, 4 საათზე დარეკეს, ძალიან ცუდად არის – შეეშინდათ, გაუშვეს იქით საავადმყოფოში. გავგიჟდი როგორი იყო, რომ ვნახე. ანალიზები გააკეთეს და ინფექცია ვერ დაინახეს? რისი ექიმია, რატომ მუშაობს? ვუთხარი, ლაზერით თუ საშიში იქნება ჩვეულებრივი ოპერაცია გავუკეთოთო. არა არაფერი არ იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. 23 წლის ბავშვი, უცებ, არაფრის გამო – ვიდეოებია გადაღებული, სადაც სიცილით, ხუმრობით , კაი ხასიათზე, თავისი ფეხით მოვიდა, ოპერაცია გაიკეთა და მეორე დღეს გარდაიცვალა ბავშვი”, – ამბობს გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრი “ტვ პირველთან”.
კლინიკა მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იხსნის.
კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათთვის ჯერ დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია გართულება.
“23 წლის ახალგაზრდა ქალს შარდ-კენჭოვანი დაავადების გამო ჩაუტარდა ენდოსკოპიური ოპერაცია კენჭის მოცილების, რომელიც ჩაატარა ჩვენი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ვინც არის შარდ-კენჭოვანი მიმართულების ხელმძღვანელი – ალექსანდრე უჯმაჯურიძემ. ასეთი ოპერაცია ტარდება წელიწადში არანაკლებ 400 – იმ დღესაც სამი ჩატარდა თუ არ ვცდები . ოპერაციის დღეს არ ყოფილა სისხლდენა და მეორე დღეს ჰემოლიზური სინდრომი, რომელიც გამოიხატა თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობაში, რის გამოც გადაწყდა მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა. ზუსტი ეტიოლოგიური მიზეზი, თუ რატომ განვითარდა ეს უიშვიათესი გართულება, ჩვენთვის დადგენილი არ არის. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას”, – აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი “ტვ პირველთან” საუბრისას.