სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:„მეთადონი“, ,,ბუპრენორფინის” შემცველი 112 აბი და „მარიხუანა“.

დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, პოლიციამ მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედება დადასტურდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები