5 მარტი თამაზ ჭილაძის დაბადების დღეა
1931 წლის 5 მარტს დაიბადა მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე.
თამაზ ჭილაძე იყო: საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე-7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი – ასპირანტურაში.
პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა. თამაზ ჭილაძე მუშაობდა „ცისკარში“ განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში – პასუხისმგებელ მდივნად (1964-1972); ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ – მთავარ რედაქტორად (1972-1981), მწერალთა კავშირში – მდივნად (1981-1987); ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად 1997 წლიდან. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, დკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
* * *
როცა დადგება განკითხვის ჟამი,
გაწყვეტილ გზების, მეწამულ ბინდის,
შემოიტანენ უფალთან ჯამით
ჩემს სისხლს და ცრემლებს, გულსა და სინდისს,
თუ მათქმევინა უფალმა სიტყვა,
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი.
მადლობას რისთვის მიხდიო – მკითხავს,
გაკვირვებული დარჩება ღმერთი.
მადლობელი ვარ, უფალო, რადგან,
არ მომაკელი ცეცხლი და კუპრი,
ჩემით ვსწავლობდი ფრენას თუ ფართხალს
და არა მხოლოდ წყალობით უფლის.
მიყვარდა, მძულდა, სამშობლო მქონდა,
თიხა ვიყავი, მაგრამ ვმღეროდი
და წუთისოფლის ჭრიალა ბორბალს
კბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდი.
მადლობელი ვარ, უფალო, რადგან
მაჩუქე სიტყვა ბასრი და წრფელი,
მეხვია მტერი და ყველა მათგანს,
მაინც სიცოცხლე ერჩია ჩემი…
თამაზ ჭილაძე