ირაკლი ალასანიამ გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანია ვილდფლეკენის სამხედრო ბაზას ესტუმრა. გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის ასეული გადის წვრთნას.
ქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან, სადაც „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.
თავდაცვის მინისტრმა საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების პროცესს გაეცნო.
„დღეს შეფასება, რომელიც გერმანელმა გენერლებმა, ოფიცრებმა მოგვცეს, საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფის არის უმაღლესი. მე ვარ, მართლაც, ძალიან ამაყი, თუ რამხელა გამოცდილება შეიძინეს და ასევე რა სწრაფად აიღეს გერმანული სამხედრო ტაქტიკა ჩვენმა ქვედანაყოფებმა, მეთაურებმა. ეს არის ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში ყოფნის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვედანაყოფების ერთად ოპერაციაში ყოფნა, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს დიდ საფუძველს უქმნის. მე მეამაყება, რომ ვარ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომლის ქვედანაყოფები ასე გამორჩეულები არიან ყველგან, ეს იქნება ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკაში თუ გერმანელებთან ერთად ახალ მისიაში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
გერმანიის 37-ე მექანიზირებული ქვეითი ბატალიონის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბროიერი ქართველი სამხედროების მომზადების დონეს მაღალ შეფასებას აძლევს:
„დიდი პატივია, რომ ჩემი ბატალიონი ქართულ კონტინგენტს ამზადებს. ჩვენ რამდენიმე კვირაში ავღანეთში გავემგზავრებით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ასე კარგად გაწვრთნილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გაგვევლო მომზადება მისიისთვის. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, საერთო ამოცანები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ საქმეს ერთიანი ძალებით ვაკეთებთ. გვაქვს შესანიშნავი ორმხრივი თანამშრომლობა. როგორც ჩემი ასეულის მეთაურმა აღნიშნა დღეს, დასაწყისში ეს მხოლოდ პარტნიორობა იყო, ახლა კი ეს ურთიერთობა უკვე მეგობრობაა. ჩვენი მეგობრობა ყოველ დღე ძლიერდება და მყარდება,“ – ქვეითი ბატალიონის მეთაურმა.
სწავლება 5 თვეს გრძელდება და რამდენიმე ეტაპისგან შედგება. გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ ქართველმა სამხედროებმა ინდივიდუალური, ოცეულის და ასეულის დონის მომზადება გაიარეს. მათ პატრულირება, ბაზის დაცვა და სწრაფი რეაგირება შეისწავლეს. ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნებიც უტარდება.
ქართველი სამხედროები მომზადებას ნოემბერში დაასრულებენ. მე-4 ბრიგადის ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიის შესრულებას გერმანელ სამხედროებთან ერთად შეუდგება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლიაიენის შეხვდება. ორმხრივ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრები საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ასევე, დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა კოერბერის ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები