თინათინ რუხაძემ თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
უკვე დასრულებულია კრამიტის საფარის მოწესრიგება, გადაწყობა და ფრაგმენტული შეკეთება; ტაძრის ოთხივე ფასადსა და ინტერიერში საპირე წყობის აღდგენა და ამოგოზვა; საკურთხეველში კონქისა და აგურის ტრაპეზის ქვის ნაწილობრივი შელესვა კირის ხსნარით. ასევე, დამზადებულია სამხრეთისა და დასავლეთის კარები, ხის კანკელი.ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის სამხრეთ მინაშენისა და საყრდენი კედლის კონსერვაცია.
დასკვნით ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება იატაკს, აღდგება დასავლეთის კარის წირთხლი, აღმოსავლეთ ფასადზე დამონტაჟდება სარკმლის თავსართი, მოეწყობა სამხრეთისა და დასავლეთის კარი და ჩაისმება ხის კანკელი.
სამუშაოები 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
„მეფე ერეკლეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ადგილი უკავია. თელავი უმნიშვნელოვანესი ადგილია ჩვენი სულიერების, იდენტობისა თუ ტურიზმის კუთხით.
ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ეკლესიასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ კომპლექსის მაღალ დონეზე რეაბილიტაციისა და ამ ისტორიული ძეგლის პოპულარიზაციისთვის”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გივი მეტრეველმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიგა მამუკელაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თეა ონიანმა.
მინისტრი ბატონის ციხის ტერიტორიაზე მდებარე თელავის ისტორიულ მუზეუმსაც ეწვია და იქ წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები