ირაკლი ზარქუა – მზად ვართ აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ
“მზად ვართ ამერიკასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ,”- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ, საქართველოში ადგილობრივ უსამშობლოებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ, საქართველოში ადგილობრივ უსამშობლოებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო. მზად ვართ, ამერიკასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ამ თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილები გაიცვალა. შეხვედრა გაიმართა ენდრიუ ბეიკერთანაც, რომელიც ნაყოფიერი იყო. ყველა იმ გამოწვევაზე ითქვა, რაც საქართველოს აქვს. კარგი იმპულსები გვაქვს, რომ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მათ შორის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მინდა, ამ უსამშობლოებს ვუთხრა – ერთი სიტყვა არ დაცდენიათ, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დიდი გარღვევაა, პროცესი დინამიურად ვითარდება და ორივე მხარე მზად ვართ, პროცესი თავიდან დავიწყოთ. ამ უსამშობლოებს ერთი ხმა არ ამოუღიათ. ვიდრე დელეგაცია წავიდოდა, ამბობდნენ, რომ რიგითებს ხვდებოდნენ და სახელმწიფო დეპარტამენტთან შეხვედრები არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩუმად არიან. ჩუმად იქნებიან, რადგან სხვა ქვეყნების ინტერესებს ატარებენ და საქართველოს მიერ გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ჩირგვებში იქნებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება.