თამარ ჩიბურდანიძე: რამდენჯერ მიუღია ღალატი ქვეყანას ამ ოპოზიციისგან, მაგრამ რაც თინა ხიდაშელმა იკადრა – მოდით, დაგვბომბეთ – საქართველოს ბოლომდე გაწირვაა 

პარტია „ხალხის ძალის” წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალური ქსელით ეხმიანება ოპოზიციონერი თინა ხიდაშელის განცხადებას – „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი”. ანალიტიკოსი წერს, რომ ხიდაშელის ოპოზიცია ფაქტობრივად მოუწოდებს უცხოეთს, სამხედრო იერიში საქართველოზეც მიიტანონ:

„მაშინ, როცა ევროპის წამყვანი სახელმწიფოები თავს იკავებენ და რიგ შემთხვევაში, ცივ უარს ეუბნებიან ამერიკა-ისრაელს ამ ომში ჩართვაზე, ხიდაშელის ნაცური ოპოზიცია პირდაპირ ეპატიჟება უცხოეთს საქართველოს დასაბომბად” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ის ხაზს უსვამს, რომ პანკისის საკითხი ძალიან ფაქიზი თემაა, ხოლო მასზე ამგვარად საუბარი, საფრთხის წინაშე აყენებს მთელ სახელმწიფოს.

„ამ ოპოზიციისგან რამდენჯერ მიუღია ღალატი ქვეყანას, მაგრამ რაც გუშინ თინა ხიდაშელმა იკადრა – მოდით, დაგვბომბეთო, საქართველოს ბოლომდე გაწირვაა. თინა ხიდაშელის განცხადება ძლიერი ბიძგია ოპოზიციის ოცნების ახდენისკენ, რომ „საქართველოში ბომბები ცვიოდეს”. რაც ვერ შეძლეს რუსეთ-უკრაინის ომის დროს, სურთ მიაღწიონ ამერიკა-ისრაელისა და ირანის ომის პირობებში. მეორე “შანსის” გაშვება ხელიდან არ სურთ. იყო თუ არა თინა ხიდაშელის გუშინდელი განცხადება გამიზნული უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებისთვის? მაგალითად BBC ან სხვა პოლიტიზირებული მედიისთვის? ბუნებრივია, ეს იყო საჯაროდ დაუსაბუთებელი ინფორმაციის მიწოდება დასავლეთისთვის, რომელსაც მათი ლობისტები დედნად გამოიყენებენ. ააგებენ სიუჟეტებს გასული საუკუნის 90-იან და 2000-იან წლებთან დაკავშირებით, რაც ერთგვარ სანდოობას შემატებს ფაქტებს. მაშინდელი მოვლენები პანკისის ხეობაში არა მხოლოდ ეროვნული დონის, არამედ, საერთაშორისო დაკვირვების თემა იყო. სწორედ ქვეყნის უსაფრთხოებიდან, ასეთი მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური გენოფონდიდან გამომდინარე არის სახელმწიფოს პოზიცია დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, გაწონასწორებული და დიპლომატიური. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცლება და სწორედ ეს არ შედის ოპოზიციის მიზნებში. მათთვის მეორედ ისროლა “რევოლუციის ავრორამ” და ახლა მაინც ყველაფერს გააკეთებენ, რომ თანამედროვეობის ყველაზე სასტიკი ომი საქართველოსაც შეეხოს. მაშინ, როცა ევროპის წამყვანი სახელმწიფოები თავს იკავებენ და რიგ შემთხვევაში, ცივ უარს ეუბნებიან ამერიკა-ისრაელს ამ ომში ჩართვაზე, ხიდაშელის ნაცური ოპოზიცია პირდაპირ ეპატიჟება უცხოეთს საქართველოს დასაბომბად. თუკი ჰგონია ხიდაშელს, რომ ეს იქნება “კრწანისის ბრძოლა”, ცდება. ჩვენ მხოლოდ დიდგორი გვიყვარს და ამ გზით ვივლით ბოლომდე. რაც შეეხება მის პირდაპირ ბრალდებას ხელისუფლებაზე ტერორიზმის ხელის შეწყობაში, ვიმედოვნებთ, რომ ამ საჯარო განცხადებას მოჰყვება მყისიერი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. საზოგადოებას აინტერესებს პასუხი ამ ბრალდებაზე. პანიკა, რის დათესვასაც ის შეეცადა ასეთ უკიდურესად დაძაბულ დროს, დანაშაულია. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ასეთი განცხადებების ღიად გაკეთება მიუღებელია და თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია მსგავს ფაქტებზე, უნდა მიაწოდოს პირდაპირ უწყებებს და არა მსოფლიოს საჯაროდ. თინა ხიდაშელმა რეალური საფრთხის წინაშე დააყენა მთელი ქვეყანა და ვალდებულია პასუხი გასცეს ყველა კითხვას. პანკისის ხეობა რამდენად ფაქიზი თემაა საქართველოსთვის, ყველამ ვიცით, მაგრამ ამავე დროს რამდენად ფეთქებადია ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი, ესეც კარგად იცის ხიდაშელმა და სწორედ ამიტომ გააკეთა ეს. როგორი აგრესიული ოპოზიციაც არ უნდა იყო, ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გლობალური ომის პირობებში, უკვე ქვეყნის ღალატია” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები