გია ვოლსკი: საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და საკანონმდებლო ორგანოში ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა

“საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და საკანონმდებლო ორგანოში ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ხედავს ამ ვიზიტის მნიშვნელობას, რაც მათში „ისტერიკას იწვევს“.

„ოპოზიციამ იცის, რომ ეს საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის ვიზიტი, მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში და საკანონმდებლო ორგანოში, არათუ ნიშნავს რამეს, არამედ არის სწორედ ის ქმედება, რომელიც ურთიერთობების განვითარებისათვის ქმნის წინაპირობას. [ოპოზიციას] ეს სჯერა, ამას ხედავენ და ეს იწვევს ისტერიკას.
შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელია ის, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, ახალგაზრდა იქნება თუ ხნიერი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველომ ვერანაირად ვერ უნდა ამოისუნთქოს და ვერ უნდა გაიხაროს მისმა ხალხმა იქამდე, ვიდრე იუკნევიჩიენეს და მარტა კოსს გარკვეული პრობლემები გააჩნიათ. ის პრობლემები რეალურია, მე ცოტა ირონიით ვამბობ, შეიძლება, და რაღაც სარკაზმით ვიხსენიებ, მაგრამ ერთი უნდა ვიცოდეთ: ცივსისხლიანად უნდა შევხედოთ – იმათ თავისი ინტერესი აქვთ. იმათ აქვთ ინტერესი, რომ როგორმე რუსეთის აგრესია, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, დივერსიფიცირებული იქნეს.

ჩვენი ინტერესია, რომ ეს არ დავუშვათ და ამ ინტერესების ჯახი იწვევს ამ ისტერიკას, ვინაიდან ამ ინტერესების დაპირისპირებაში იმარჯვებს საღი პოლიტიკური ძალა. ყველაფერს, რაც უკავშირდება თუნდაც ამ ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი მოაქვს, უნდა შევხედოთ როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები