კახა კალაძე თინა ხიდაშელზე: ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ

„ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ზუსტად ეს ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ – ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს“, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასეთი განცხადებების ავტორები ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეული, რასაც რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„არ ვიცი, ეს ხიდაშელი იქნება თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული, და რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, შენი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა, ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ არც სამშობლო გააჩნიათ და არც ღირებულებები. ისინი არიან სხვა ქვეყნის სამსახურში დაქირავებული ადამიანები, მტრულ საქმიანობაში შემჩნეული, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე, და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები