ტყიბულში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა 17 კუბურ მეტრამდე სხვადასხვა სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ავტომანქანით განახორციელა.
საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე. საამქროს ტერიტორიაზეა განთავსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.
„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სატყეო სამსახურების თანამშრომლები სისტემურ პატრულირებას ახორციელებენ. ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიების – ვიდეო ხაფანგებისა და დრონების საშუალებით უწყვეტად მიმდინარეობს მონიტორინგი. ტყის რეფორმის ფარგლებში წელს დამატებით იგეგმება სააგენტოს აღჭურვა. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ შევძლოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ კანონდარღვევის ფაქტები“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.