თუ აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები ირანის ინფრასტრუქტურაზე შემდგომ ესკალაციას და ალიანსის წევრ სახელმწიფოებზე პირდაპირ თავდასხმებს გამოიწვევს, ნატო შეიძლება, ჩაერიოს,- ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თავად ალიანსი პირდაპირ არ არის ჩართული ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში.
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება უპასუხოს ალიანსმა ირანთან დაკავშირებულ შესაძლო ინციდენტებს, რუტემ მიუთითა, რომ შესაბამისი სცენარები უკვე დეტალურად არის შემუშავებული.
ტელეარხ Newsmax- ის ცნობით , რუტემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა ჰიპოთეტურად აამოქმედოს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ბლოკის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად ჩაითვლება.
„ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ. ნატო-ს რანგში ახლა ჩვენ ვცდილობთ, 360 გრადუსით დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“, – აღნიშნა რუტემ.
განცხადება გაკეთდა ირანის ბალისტიკური რაკეტის ბოლოდროინდელი ინციდენტის ფონზე, რომელიც ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თურქეთის ტერიტორიაზე ჩაჭრა.
რაკეტის ნამსხვრევები ჰათაის პროვინციაში ჩამოვარდა, რამაც ანკარის მხრიდან მკაცრი რეაგირება და მოკავშირეებთან საგანგებო კონსულტაციები გამოიწვია.