მაია ბითაძე – თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს იყო გარკვეული შანტაჟისა და შეშინების ახალი ფორმა, უცხოეთში ვერა და ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე არ ჭრის

ეს იყო გარკვეული შანტაჟისა და შეშინების ახალი ფორმა, უცხოეთში ვერა და ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე არ ჭრის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არასწორი შეხედულებაა იმ სახელმწიფოსა და მოსახლეობაზე, რასაც საქართველო და საქართველოს მოსახლეობა ჰქვია.

„მართლაც უპრეცედენტოდ შეიძლება შეფასდეს როგორც არამეგობრული ნაბიჯების შეფასების თვალსაზრისით, ასევე შესაძლოა არასერიოზულადაც შეფასდეს ასეთი დიდი ისტორიის მქონე, მძლავრი სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი თავისუფალი მედიის საქმიანობის ხელყოფის თვალსაზრისით, რაც განხორციელდა „იმედისა“ და POSTV-ის მიმართ. თან აბსურდული ბრალდებით, რომ თურმე თქვენ გარკვეულ ზეგავლენას ახდენთ იმ პროცესებზე, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის წარმოებულ ომში მიმდინარეობს. ეს არის აბსურდი და შესაბამისად, იმიტომაც ვერ ვღებულობთ პასუხებს და ვერც მივიღებთ საბოლოო ჯამში. სამარცხვინოდ ჩაიწერება ეს იმ ურთიერთობებში, რასაც ბრიტანეთსა და საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობები ჰქვია მაშინ, როდესაც თვითონ ელჩიც კი ვერ ხსნის საფუძვლებს.

ბუნებრივია, ეს თქვენს აუდიტორიაზე მოახდენს და უკვე მოახდინა ერთადერთი გავლენა – ეს არის მეტი კონსოლიდაცია და მეტი თავდაჯერებულობა.

ეს იყო გარკვეული შანტაჟისა და შეშინების ახალი ფორმა. უცხოეთში ვერა და ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე არ ჭრის. ეს სანქციები, ისინი თუ ფიქრობენ, რომ იქნება დამაშინებელი ხელისუფლების ან მოსახლეობისთვის, რომ გარკვეულწილად მეტ სანქციას მიიღებს მოსახლეობა, ამიტომ უნდა შეშინდეს, აირჩიოს გაურკვეველი რადიკალური წარმონაქმნი, რომელიც საკუთარ თავს ოპოზიციას ეძახის, ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. არასწორი შეხედულებაა იმ სახელმწიფოსა და მოსახლეობაზე, რასაც საქართველო და საქართველოს მოსახლეობა ჰქვია“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები