შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ყულევის ტერმინალში რაიმე სანქცირებული ტვირთი შევიდა
რაც შეეხება ყულევს, საინტერესო ქეისია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყულევის ტერმინალში რაიმე სანქცირებული ტვირთი შევიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა შესაძლოა სანქცირების ქვეშ საქართველოს ყულევის პორტიც მოაქციოს.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოსგან ესკალაციაში შესვლას კვლავ ითხოვს.
„ეს არაერთხელ მოვითხოვეთ, ბრიუსელშიც მათ შორის. წარვადგინეთ ყველანაირი მტკიცებულებები საპირისპიროსი და ვერცერთი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი, რომ მოხდა რაიმე დარღვევა სანქციებისა. ის, რაც განაცხადა გერმანიის ელჩმა, თითქოს რაღაც მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი, არის აბსოლუტური ტყუილი. ბრიტანეთის ელჩთანაც ამაზე გვქონდა საუბარი. თუმცა ჩვენ გავიგეთ საინტერესო რაღაც, როგორც ევროკავშირში, ისე ბრიტანეთში თურმე პრობლემა იმაში კი არ არის, რომ სანქცირებული რაიმე ტვირთი, გემი ან კომპანია ხვდება, პრობლემა არის, რომ საერთოდ ყულევში რუსული წარმოშობის ნავთობი შეიძლება შედიოდეს და, ზოგადად, საქართველოში რუსეთიდან ენერგომატარებლები შემოდის, რომ საწვავი შემოაქვს კომპანიებს.
ჩვენ როდესაც ყულევზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ კერძო კომპანიაზე, აქ სახელმწიფო არაფერ შუაში არ არის. კერძო კომპანიებს, თუნდაც რუსეთიდან შემოაქვთ საწვავი, ზოგის გადამუშავება მიდის, ზოგის პირდაპირ გაყიდვა და ამ ლაპარაკში ჩვენ გამოვარკვიეთ, რომ თურმე ამაში ხედავენ პრობლემას. ამაზე ჩვენ ვეუბნებით, თუ ეს პრობლემა არის, დააწესეთ სანქცია, ჩვენ იმ სანქციას შევასრულებთ. თქვენ თქვით რა არის აკრძალული, ჩვენ იმას ვასრულებთ. არა, თვითონ არ აწესებენ და ჩვენი ხელით უნდათ, რომ ჩვენ ავკრძალოთ რუსეთიდან საწვავის შემოტანა. ამაზე ვეუბნებით, როგორ გავაკეთოთ ეს, ამის ერთადერთი გზა არის, რომ შემოვიღოთ წესი – ბიზნესს ეკრძალება რუსეთიდან შემოტანა საწვავის, რაც ნიშნავს სანქციის დაწესებას რუსეთისთვის. სანქციის დაწესებას ითხოვენ ჩვენგან, ჩვენივე ხელით შევიდეთ ესკალაციაში. რასაც ჩვენ ოთხი წელია ვებრძვით, ჩვენს ჩათრევას ესკალაციაში, ისევ იქ გვითრევენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.