ნინო წილოსანმა და გელა სამხარაულმა „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ კანონის აღსრულების საკითხზე შეხვედრა გამართეს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ კანონის აღსრულების საკითხზე შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სავაჭრო ქსელის „კარფურის“, ორგანიზაცია FAO-ს და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ენკენიას“ წარმომადგენლები, ასევე პროცესში ჩართული მეწარმეები ესწრებოდნენ.
„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდებამდე მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ნადგურდება, რის გამოც ხაზი გაესვა კანონის სრულფასოვანი ამოქმედების აუცილებლობას.
ამასთან, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ სურსათის ნარჩენების შემცირებას მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ეფექტი აქვს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, აღნიშნული პროდუქტი ნაგავსაყრელებზე ხვდება და გარემოს დაბინძურებას იწვევს.
შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ კანონთან დაკავშირებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.