საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის“ დირექტორს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის“ დირექტორს, ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში.
„მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.
შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს და მასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიდგომებს.
საუბრის თემას წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, გარე ჩარევის მცდელობებსა და ფაქტებზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე და მასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.