ირაკლი ღარიბაშვილმა და ომბუდსმენმა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემები ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენები, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები, სახელმწიფო პოლიტიკა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით და ე.წ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი იყო. ომბუდსმენმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში განხილვის საგანია. საუბარი შეეხო კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს. „პრემიერ-მინისტრთან გაიმართა საკმაოდ გულწრფელი საუბარი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში აქტიურად განიხილება. იყო ძალიან პოზიტიური განწყობა და ვიმედოვნებ, ეს საკითხები უახლოეს მომავალში გადაიჭრება”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.