პროკურატურამ ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს დაზიანება მიაყენა, ხოლო ადგილზე მისულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში და დაემუქრა მათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.