თენგიზ შარმანაშვილი – გიორგი ბაჩიაშვილზე: როცა დარწმუნდა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას ვერავითარი გარე ჩარევა აზრს ვერ შეაცვლევინებდა, შეთავაზებას გაჰყვა

“მას საპროცესო შეთანხმებისკენ განაჩენების დადგომამდე მოუწოდებდნენ და სასურველი იყო, რომ ეს ყველაფერი მანამდე გაეაზრებინა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა ადამიანებს ციხეში აუტანელ პირობებში ამყოფებდნენ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

„კანონმდებლობაში საპროცესო შეთანხმება იყო და დღესაც არის. მას საპროცესო შეთანხმებისკენ განაჩენების დადგომამდე მოუწოდებდნენ. მაშინ, მან ჩათვალა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე გარედან შესაძლებელი იყო ისეთი ზეგავლენების მოხდენა, რომ მის მიმართ ასეთი განაჩენი არ დადგებოდა. როცა დარწმუნდა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას ვერავითარი გარე ჩარევა აზრს ვერ შეაცვლევინებდა და დანაშაულზე ვერ ათქმევინებდა, რომ დანაშაული არ მომხდარა, ეტყობა, ეს ყველაფერი გაიაზრა და პირველ შეთავაზებას გაჰყვა. სასურველი იყო, რომ ეს ყველაფერი მანამდე გაეაზრებინა და ეს ნაბიჯები მაშინ გადაედგა, როცა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდნენ. შეთანხმება როგორ აიძულეს, აწამებდნენ?! ეს დაუჯერებელია და ასეთი რამე არ ხდება. ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა ადამიანებს ციხეში აუტანელ პირობებში ამყოფებდნენ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ახლა ეს ასე არ არის”, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელსაც პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პენიტენციური დაწესებულება გუშინ თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები