“აღმოჩნდა, რომ ევრობიუროკრატია მზად არის პუტინთან მოლაპარაკებებისთვის; ცალკეული სახელმწიფოს ლიდერები მზად არიან, ორმხრივი შეხვედრები გამართონ” – ბოჟაძე
“მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს უსამართლოდ ექცეოდა ევრობიუროკრატია, უსამართლოდ ექცეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ამის მიზეზი სწორედ ის პრაგმატული პოლიტიკა იყო, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარე, ლადო ბოჟაძე აცხადებს.
როგორც ის აღნიშნავს, ევრობიუროკრატია საქართველოს კიცხავდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნების გამო, ახლა კი მზად არიან პუტინთან მოლაპარაკებებისთვის.
“არ დავაწესეთ ორმხრივი სანქციები, არ გავწყვიტეთ ეკონომიკური ურთიერთობები, არ დავაზიანეთ ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები და ახლა, აღმოჩნდა, რომ ევრობიუროკრატია მზად არის პუტინთან მოლაპარაკებებისთვის. ცალკეული სახელმწიფოს ლიდერები მზად არიან, ორმხრივი შეხვედრები გამართონ. აქაც, კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი უპრინციპო დამოკიდებულება, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჰქონდათ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.