ქალები რუსეთში: ფემინიზმსა და პატრიარქატს შორის?
ქალების და მამაკაცების ურთიერთობა – თემა, რომელიც ყველა დროსა და ყველა სახელმწიფოში აქტუალურია. რუსეთში ტრადიციული პატრიარქალური საზოგადოებაა შენარჩუნებული, თუმცა ქალებისთვის მხოლოდ მსხვერპლის როლის მინიჭებაც – არასწორია.
„რასაკვირველია, ჩვენ, კაცებს, გვსურს, რომ ქალი ჩვენი ცხოვრების მშვენება იყოს. მაგრამ გახდება თუ არა ქალი ჩვენი ცხოვრების მშვენებად – ეს, პირველ რიგში, ჩვენზეა დამოკიდებული“,- ასეთი განცხადებით 3 წლის წინ, 8 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა, – წერს „ბი-ბი-სი“.
სიტყვები „ქალის დანიშნულების“ შესახებ არა მარტო ქალთა საერთაშორისო დღეს ისმის. თანამედროვე რუსეთში თვითონ დღესასწაული კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის იდეისგან მკვეთრად განსხვავდება. „ბი-ბი-სის“ პროექტ „ყოველდღიური სექსიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, გენდერული უთანასწორობის გამოვლინებები ხშირად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გვხვდება.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, სტერეოტიპებს და საკანონმდებლო შეზღუდვებს რუსი ქალები ასევე კარიერაშიც ხვდებიან. როგორ უმკლავდებიან ქალები უთანასწორობას? რა აიძულებს ზოგიერთს, შეეგუოს ამ ფაქტს, სხვებს კი აქტიური ცხოვრების გზაზე დადგომას? აღწევენ თუ არა რუსეთს დასავლური ტენდენციები, სადაც ფემინიზმი, როგორც ჩანს, ახალ აყვავებას განიცდის?
„ქალები ხშირად უთანასწორობის კომპენსაციას ახდენენ პრივილეგიებით, რომლებიც მათ „სუსტი სქესის“ სტატუსს აძლევს, – აღნიშნავს სოციოლოგი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი ელენა როჟდესტვენსკაია. მაგალითად, ზოგიერთს სამსახურში სექსუალური შევიწროების ატანა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ეს მათ კარიერულ წინსვლას მოუტანს.
„პატრიარქალურ, ტრადიციულ საზოგადოებაში ქალიც თამაშობს ამ თამაშებს. ეს „სუსტების ხერხია“. ამ სიტუაციაში არ შეიძლება მორალური შეფასებების გამოყენება – რა კარგია და რა ცუდი. ეს უბრალოდ კულტურული კონტექსტის საზოგადოების თვისებაა. ქალებს ისეთი პოზიცია აქვთ, რომ ის, რაც მათ საკუთარი შრომით მიიღეს – მათი პირადი ფულია, ის, რასაც კაცი შოულობს – ეს ოჯახის ბიუჯეტის“, – ამბობს სოციოლოგი.
როჟდესტვენსკაიას აზრით, ამას ქალსა და მამაკაცს შორის დაძაბულობის გამძაფრება შეუძლია, რადგან კაცები ხვდებიან, რომ ქალები ამით მანიპულირებენ. კაცთან თანასწორობის პირობებში ქალი მზად უნდა იყოს ეკონომიკური რისკები საკუთარ თავზე აიღოს. თუმცა ბევრი იმ დათმობებს, რომლებზეც ქალები მიდიან, უთანასწორობის გამოვლინებად არ თვლის. ასე, მაგალითად, რეკრუტინგული სააგენტოს დამფუძნებელი ალიონა ვლადიმირსკაია აღიარებს, რომ მას სამუშაო პირობებში მამაკაცებით მანიპულირება უხდებოდა, თუმცა ალიონა აღნიშნავს, რომ ამის „ბოროტად გამოყენება“ არ შეიძლება.
ვლადიმირსკაიას თქმით, სიტუაცია, რომელშიც საქმიანი ვიზიტის დროს ვახშამის საფასურს კოლეგა-მამაკაცები იხდიან – ნორმალურია. სუსტი სქესის თამაშის უკან დაუნდობელი სტატისტიკა დგას – 30%-იანი განსხვავება ხელფასების დონეების და ქალების წინააღმდეგ ძალადობას შორის.
პოლიტიკური აქტივისტი და ფემინისტი იზაბელ მაგკოევა საერთოდ არ ფიქრობს, რომ რუსეთში საუბარი თემაზე, თუ ვინ გადაიხდის ვახშმის საფასურს, – აქტუალურია.
„ჩემი პოზიცია იმაშია, რომ არ ღირს ასეთ სიმბოლურ მომენტებზე კონცენტრირება – აწვდის თუ არა მამაკაცი ქალს ხელს, უხსნის თუ არა კარს. ალბათ, ჩვენ ყველამ უნდა შევზღუდოთ ასეთი საყოფაცხოვრებო სექსიზმის გამოვლინებები, თუმცა სიმბოლურსა და რეალურს შორის მე დიდ კავშირს ვერ ვხედავ“, – განაცხადა მაგკოევამ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა, მთელ მსოფლიოში ქალების 35 % ფიზიკური, ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა. ასეთ შემთხვევებში ძალადობა ქმრების, ან ინტიმური პარტნიორების მხრიდანაა. რუსეთში ოჯახური ძალადობის სტატისტიკის პოვნა რთულია. სხვადასხვა წყაროში შსს-ზე დაყრდნობით მოცემულია მონაცემები ყოველწლიურად 10 000-იდან 14 000-მდე ქალის სიკვდილის შესახებ. ბოლო ციფრს ხშირად წარადგენენ, როგორც „დღეში 40 სიკვდილი“.
ოჯახური ძალადობის პრევენციაზე ორიენტირებული ცალკე კანონი რუსეთში ამჟამად არ არსებობს. გარდა ამისა, ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან ოჯახურ ძალადობას, ხშირად რუსულ პოლიციას ადანაშაულებენ იმაში, რომ მას არ სურს დაზარალებულებისგან განცხადებების მიღება.
როგორც გასულ წელს „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ქალებს ხშირად განცხადების დაწერა თავად არ სურთ და პოლიციას სთხოვენ, რომ მათ ქალების ქმრები, ან პარტნიორები მხოლოდ „დააშინონ“. საბოლოო ჯამში, საქმე მხოლოდ „პროფილაქტიურ საუბრით“ სრულდება. ეს სიტუაცია, შესაძლოა, უახლოეს მომავალში, შეიცვალოს. ოჯახური ძალადობის პროფილაქტიკის შესახებ კანონი, სავარაუდოდ, რუსეთის სახელმწიფო დუმაში განსახილველად საშემოდგომო სესიის დროს შევა.
„ფემინიზმი პოლიტიკიდან აკადემიურ წრეებში ინაცვლებს, ბოლო 5 წლის მანძილზე კი მან აქტივისტების საზოგადოებაში დაისადგურა. აქტივისტები არიან გოგონები კარგი განათლებით, რომლებიც იძულებულნი არიან, ძალიან მკაცრ კონსერვატიულ კონტექსტებში იარსებონ. ისინი ასეთ პროვოკაციურ ჟესტების გაკეთებას რისკავენ, როგორიც მაგალითად, ჯგუფებმა: „ომი“ და Pussy Riot-მა გააკეთეს“, – ამბობს ექსპერტი როჟდესტვენსკაია.
თეზისი „მკაცრი კონტექსტების შესახებ“ იმას ადასტურებს, რომ Pussy Riot-ის სასამართლო პროცესის განმავლობაში მათი ფემინისტური იდეები სასამართლომ რელიგიური სიძულვილის მოტივის დადასტურებად ჩათვალა. ქალების აქტიურობას საზოგადოებაში მათი პირად პრობლემების არსებობას უკავშირებენ, – ამბობს აქტივისტი იზაბელ მაგკოევა.
„როდესაც ქალი რაღაც მსგავსითაა დაკავებული, მას ეუბნებიან: შენ რა სექსის პრობლემა გაქვს? შენ კაცი გჭირდება“, – ამბობს აქტივისტი გოგონა. საერთო ჯამში, რუსეთში ცნება ფემინიზმსა და მის საზოგადოებრივ გამოვლინებებს ნეგატიურად უყურებენ