გიორგი გაბუნია – განათლების სისტემას გარდაქმნა სჭირდება, რადგან განათლების არსებული ხარისხი მიუღებელია – ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სტუდენტის საუკეთესო ინტერესია

“განათლების სისტემას თვისებრივი გარდაქმნა სჭირდება, რადგან განათლების არსებული ხარისხი მიუღებელია, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სტუდენტის საუკეთესო ინტერესია,” – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის დისკუსიისთვის და ჯანსაღი განხილვისთვის.

„განათლების სისტემას თვისებრივი გარდაქმნა სჭირდება, რადგან განათლების არსებული ხარისხი მიუღებელია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები საჭიროა. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სტუდენტის საუკეთესო ინტერესია, მის განათლებას რაც სჭირდება. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება იგეგმებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დისკუსია გაიმართა, გათვალისწინებული იყო პროფესორებისა და სტუდენტების აზრი, რაც ჯანსაღი პროცესის ნაწილია. ეს იმას აჩვენებს, რომ სახელმწიფო მუშაობს დისკუსიის და მტკიცებულებების გათვალისწინებით. ჯანსაღი დისკუსია გაიმართა და შეჯერება მოხდა, აქ განსაკუთრებული და უცნაური რა არის? სახელმწიფომ აჩვენა, რომ მზად არის, განხილვისთვის, დიალოგისთვის. ორმაგი კომპრომისი მოხდა. სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღო, მაგრამ ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდანაც მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენ საზოგადოებასთან ვსაუბრობთ, რათა მოძებნილი იყოს კომპრომისები, დავიცვათ სახელმწიფო ინტერესი, რომ უკეთესი განათლების სისტემა მივიღოთ და დაცული იყოს სტუდენტის ინტერესი. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას არ ვებრძვით. მზად ვართ დისკუსიისთვის და ჯანსაღი განხილვისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება. ამასთან, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, მომდევნო აკადემიური წლისთვის სხვა დისციპლინებზე მიღება აღარ გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები