ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ხელისუფლება შეისწავლის საერთაშორისო პრაქტიკას.
„ზოგადად, დისკუსია, ვფიქრობ, საინტერესოდ წარიმართა. იმედი მაქვს, საზოგადოებამ კიდევ მეტი ინფორმაცია მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოიქმნება სურსათის ფასები ქვეყანაში. ჩვენთვის მთავარია, რომ საბოლოო ჯამში პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ. ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, პირველ რიგში, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე.
რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან რთული იქნება გარკვეული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით, ასეთი პრაქტიკაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ალბათ რთული იქნება დღევანდელ ეტაპზე ასეთი რეგულაციების შემოღება.
რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ეს არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში. ჩვენ შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია, ამ ზომასაც მივმართავთ,”- განაცხადა პრემიერმა.