მაკა ბოჭორიშვილი – სიიარტოს: მადლობა უნგრეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის – თქვენ ის გაბედული მინისტრი ხართ, რომელიც თამამად ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის ინსტრუმენტალიზაციას

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობაზე ორიენტირებულ ძალისხმევასა და პოლიტიკას. ჩვენს მთავრობებს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების დაცვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაერთიანებს საერთო, მტკიცე გადაწყვეტილება, რომ დავიცვათ კონსერვატიული ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ერების ჯანსაღი და მდგრადი მომავლის განვითარებისთვის. ეს არ არის ადვილი ამოცანა დღევანდელ სამყაროში და ხშირად ვაწყდებით უსამართლო მოპყრობას ჩვენი მტკიცე, პრინციპული პოზიციების გამო“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობა არ უნდა განისაზღვრებოდეს ბრიუსელიდან.

„მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. თქვენ ის გაბედული მინისტრი ხართ, რომელიც თამამად ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის ინსტრუმენტალიზაციას და დასჯის იარაღად გამოყენებას სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების და ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები