“ევროკომისიის ანგარიში ხაზს უსვამს დაკავშირებადობის პროცესში საქართველოს მნიშვნელობას; ევროკავშირის მიდგომებს შორის სერიოზულ ცვლილებას მივესალმებით” – წილოსანი

“ევრობიუროკრატებისგან გეოგრაფიის გვერდის ავლა არ გაგვიკვირდება, მაგრამ ევროკომისიის ანგარიში უკვე ფაქტობრივ მოცემულობაზე საუბრობს, რომ საქართველო ლოგისტიკური ჰაბია, რომელსაც არა მხოლოდ გეოგრაფია, არამედ ის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა უწყობს ხელს, რომელზეც წლებია, ვმუშაობთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკემა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია: „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება“.

„საქართველო ევროპისა და აზიის დაკავშირებაში მნიშვნელოვანი მონაწილეა, ეს არის გეოგრაფია, რომელსაც ვერავინ შეცვლის, თუმცა, ევრობიუროკრატებში ვხედავდით ადამიანებს, ვინც ბიოლოგიის, ქალისა და კაცის ბიოლოგიის შეცვლას ცდილობდა. ამიტომ მათგან გეოგრაფიის გვერდის ავლა არ გაგვიკვირდება, მაგრამ ევროკომისიის ანგარიში უკვე ფაქტობრივ მოცემულობაზე საუბრობს, რომ საქართველო ლოგისტიკური ჰაბია, რომელსაც არა მხოლოდ გეოგრაფია, არამედ ის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა უწყობს ხელს, რომელზეც ჩვენ, წლებია, ვმუშაობთ, მათ შორის პორტების, სარკინიგზო თუ საგზაო გადაზიდვების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს. შავი ზღვის ელექტრონული კაბელის პროექტი უკვე გადაწყვეტილი და დაანონსებულია, რომლის მონაწილე საქართველოა. თავისთავად, ესეც ჩვენს ძლიერ მხარეს წარმოადგენს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროკომისიის ანგარიში ხაზს უსვამს დაკავშირებადობის პროცესში საქართველოს მნიშვნელობას. ევროკავშირის მიდგომებს შორის სერიოზულ ცვლილებას მივესალმებით. მათი ზოგიერთი ლიდერის მიერ საქართველო იგნორირებული იყო სამხრეთ კავკასიის გამტარობის ნაწილში, თუმცა ანგარიშმა სრულებით სხვა რამ თქვა. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის მხრიდან ახლებურად იყოს დანახული საქართველოს როლი. არა მხოლოდ ეს დასკვნა, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ როლზე საუბრობს, არამედ საქართველოს რეფორმებსა და როლზე ევროკავშირის ფარგლებში გაკეთებული ყველა დასკვნა, საუკეთესო წინაპირობას ქმნის, რომ ევრობიუროკრატია დაფიქრდეს და გადაიაზროს ის არასწორი დამოკიდებულება, რაც საქართველოს ეხება“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები