მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გვსურს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, რომელიც დატვირთული იქნება შინაარსით ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მილანის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა.

„მქონდა, შესაძლებლობა მილანის ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში გავსაუბრებოდი სახელმწიფო მდივანს. ცხადია და გაცნობიერებულია, რომ ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში, რაც დახვდათ, და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა წამოიწიოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც გადაიდგმება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების, პირველ რიგში, და შემდგომ უკვე იმ საკითხების განსახილველად, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დატვირთული იქნება შინაარსით ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე დღის განმავლობაში ქართულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა კომუნიკაცია ჰქონოდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან.

„ორივე დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა კომუნიკაცია გვქონოდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. პირველ დღეს კომუნიკაცია შედგა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან, ხოლო მეორე დღეს სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან, რომელიც იყო საკმაოდ შინაარსიანი, და იმ მოკლე დროშიც ჩვენ შევძელით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც დღეს დგას საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ვაშინგტონში, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავდა სხვადასხვა ინსტიტუტებში.

„პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ვაშინგტონში და მართავდა შეხვედრებს საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ინსტიტუტებში, ესეც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა უფრო მეტად გვესაუბრა ჩვენი ურთიერთობების დეტალებზე და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად დადგება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები