“საქართველო ყველასთვის კონსტრუქციული და სანდო პარტნიორია, ვისთვისაც სატრანსპორტო დერეფნის განვითარება მნიშვნელოვანია” – მახაშვილი

“შესაძლოა, ბევრი ალტერნატივა არსებობდეს და სხვადასხვა მიმართულებით მცდელობები იყოს, მაგრამ დასავლეთის და აღმოსავლეთის დაკავშირებაზე როცაა საუბარი, საქართველოს ამ სატრანსპორტო დერეფანში უალტერნატივო როლი და ადგილი აქვს”,- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კონსტრუქციული და სანდო პარტნიორია.

„ცოტა ხნის წინ, კაია კალასმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ლიტერატურას ეცნობა, რათა უფრო ჭკვიანი გამოვიდეს. როგორც ჩანს, ამ რეგიონის ლიტერატურასაც გაეცნო და ნახა, სად მდებარეობს საქართველო, რა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყანას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დასაკავშირებლად. როგორც ჩანს, გონება გაუნათდა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი და საგულისხმო დოკუმენტია ბევრი მიმართულებით. უპირველესად იმის საჩვენებლად, რომ შესაძლოა, ბევრი ალტერნატივა არსებობდეს და სხვადასხვა მიმართულებით მცდელობები იყოს, მაგრამ დასავლეთის და აღმოსავლეთის დაკავშირებაზე როცაა საუბარი, საქართველოს ამ სატრანსპორტო დერეფანში უალტერნატივო როლი და ადგილი აქვს. მისასალმებელია, რომ ევროკომისიამ საზოგადოებას ეს აღიარებაც დაანახა.

ეს არის თვითაღიარება, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მყვირალა განცხადებები გააკეთოს, მაგრამ საბოლოოდ, როცა საქმე გვაქვს რეალობასთან, აქ საქართველოს და მის გეოგრაფიას გვერდს ვერავინ აუვლის. საქართველო ყველასთვის კონსტრუქციული და სანდო პარტნიორია, ვისთვისაც ამ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა დერეფნის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს და მზად ვართ, კონსტრუქციული პოლიტიკის და მიდგომის პირობებში ეს საკვანძო როლი პირნათლად, ჩვენი ვალდებულებების გათვალისწინებით შევასრულოთ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია: „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები