ირაკლი კობახიძე: დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა, ნებისმიერ ვითარებაში, როგორი მძიმეც  უნდა იყოს დანაშაულებრივი ქმედებები, ჩვენ ვართ მოწოდებულები, რომ მაქსიმალური ჰუმანურობით და ეფექტიანობით ვიმოქმედოთ, ეს აჩვენებს სახელმწიფოს სიძლიერესაც, მადლობა ეკუთვნით მამუკა მდინარაძეს და გეკა გელაძეს

“დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა, ევროპულმა ბიუროკრატიამ ამასაც კი გამოუცხადა პირდაპირი მხარდაჭერა კონკრეტული სპიკერის სახით, ჩვენ დიდი წარმატებით ვიმოქმედეთ და მადლობა ეკუთვნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან” ინტერვიუში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი სპეციალური ოპერაცია ყოველგვარი ზიანის გარეშე წარიმართა და მაქსიმალური სიფრთხილით მოხერხდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა.

„ჩვენ მინიშნებებით გვისაუბრია იმაზე, რომ იყო კავშირები გუნდის ყოფილ წევრებთან. რაც მთავარია, ჩვენ ძალიან სუფთად, დიდი წარმატებით მოვახერხეთ ამ კონკრეტული პრობლემის დაძლევა, მიუხედავად იმისა, რომ აქაც იყო ევროპული ბიუროკრატიის პირდაპირი მხარდამჭერი მოწოდება. პირდაპირ იყო დაანონსებული ხელისუფლების დამხობა. ამასაც კი გამოუცხადა პირდაპირი მხარდაჭერა ევროპულმა ბიუროკრატიამ, კონკრეტული სპიკერის სახით. აქ ჩვენ დიდი წარმატებით ვიმოქმედეთ და მადლობა ეკუთვნით როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს გეკა გელაძეს. სახელმძღვანელოებშია შესატანი, თუ როგორ წარიმართა შესაბამისი სპეციალური ოპერაცია, ყოველგვარი ზიანის გარეშე. მაქსიმალური სიფრთხილით მოვახერხეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა. ესეც აჩვენებს ხელისუფლების მიდგომას. ნებისმიერ ვითარებაში, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დანაშაულებრივი ქმედებები, ჩვენ ვართ მოწოდებულები, რომ მაქსიმალური ჰუმანურობით და ასევე ეფექტიანობით ვიმოქმედოთ. ეს აჩვენებს სახელმწიფოს სიძლიერესაც. აქაც გუნდის ერთიანობა არის მნიშვნელოვანი. ხაზს გავუსვამ იმას, რომ გუნდი არის ერთიანი და ძლიერი, როგორც არასდროს და ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება მომავალშიც”, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები