პრემიერი: Eagle Hills-ის ინვესტიციის საფუძველზე 11 მლრდ ლარი შეემატება ჩვენს ეკონომიკას, საუბარია უზარმაზარ ეფექტზე, რომელიც ერთ ინვესტიციას ექნება და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული

“Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებას წინ უსწრებდა ძალიან რთული მოლაპარაკებები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ინვესტორმა გამოხატა ნდობა ქვეყნის მიმართ, მათ შორის, ხელისუფლების და იმ ეკონომიკური გარემოს მიმართ, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის კანონმდებლობა, ძალიან ხელსაყრელი გარემო ინვესტიციებისთვის, მათ შორის, ეს ეხება საგადასახადო განაკვეთებს, ზოგადად, საგადასახადო პოლიტიკას, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში. კორუფციისგან თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ინვესტორების ნდობას. ყველა ხედავს მათ შორის იმ ზომებს, რომლებიც მიღებულ იქნა ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ნდობა საქართველოს მიმართ, ხელისუფლების მიმართ და სწორედ ეს გახდა განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მოვახერხეთ ამ შეთანხმების გაფორმება. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, 11 მლრდ ლარი შეემატება ჩვენს ეკონომიკას ამ ერთი კონკრეტული ინვესტიციის საფუძველზე. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მთლიანობაში, საშუალოდ 700 მლნ ლარით მეტი შევა საქართველოს ბიუჯეტში. საუბარია უზარმაზარ ეფექტზე, რომელიც ერთ ინვესტიციას ექნება. შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საინვესტიციო პროექტი იქნება ძალიან წარმატებული”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები