შალვა პაპუაშვილი: 2012 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი ჩამოაცილა ხალხმა ხელისუფლებას, ისინი არ აღიარებენ ხელისუფლებას
“2012 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი ჩამოაცილა ხალხმა ხელისუფლებას, ისინი არ აღიარებენ ხელისუფლებას, არ აღიარებენ სახელმწიფოს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ჯგუფები 2012 წლიდან ამბობენ, რომ ქვეყანა მოსკოვიდან იმართება.
„არ აღიარეს არცერთი არჩევნები, 9 თუ 10 არჩევნები ჩატარდა ამასობაში, არცერთი არ აღიარეს, ძალა ძალაზე, 2012-ში ძალით შემოვიდნენ, სანამ სენატორმა შაჰინმა არ აიძულა სააკაშვილი, როგორც თვითონ ჰყვება, რომ დაეთმო ეს არჩევნები და ეღიარებინათ დამარცხება, თორემ არ აღიარეს 2012 წლის არჩევნები. არ აღიარეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც რამდენიმე კვირა რუზრუზი დასჭირდათ და ბოლოს რომ მიხვდნენ არ გასდიოდათ, შემოვიდნენ და ასე ძალა ძალაზე იყვნენ.
2020-ის არჩევნები არ აღიარეს, შეგახსენებთ. ერთი წელი დასჭირდათ სანამ შემოვიდოდნენ და შემოყრიდნენ მათივე მფარველები და 2024 წლის არჩევნები არ აღიარეს. ასე, რომ 14 წელია კონკრეტული ეს ჯგუფი და ეს იდეოლოგია, ამ იდეოლოგიის მიმდევრები არ აღიარებენ საქართველოს სახელმწიფოს, მის კონსტიტუციურ ორგანოებს, არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიას. ამბობენ, რომ ქვეყანა იმართება გარედან და ოკუპირებულია მთელი ქვეყანა, საოკუპაციო რეჟიმია. აიღეთ ახლა გერმანული მაგალითი, რატომ გააუქმეს ის ორგანიზაცია, დაადარეთ და ერთი ერთში არის. ერთადერთი სხვაობაა, იქ იყო ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ მეფე ვარო და აქ არის ქალბატონი, რომელიც ამბობს პრეზიდენტი ვარო. ერთადერთი ეს სხვაობა თუ არის, დანარჩენი არის ერთი-ერთში ზუსტად. არ აღიარებენ საქართველოს სახელმწიფოს, მის დამოუკიდებლობას იმიტომ, რომ ამბობენ, ის იმართება გარე ქვეყნიდან და არის საოკუპაციო რეჟიმი ქვეყანაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.