“გარედან დაკვეთაა, რომ გააუქმონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დაგვაყენონ მოლდოვის გზაზე, რომ რაღაც მომენტში ვთქვათ, პატარა ვართ, უსუსურები, იქნებ ვინმემ მიგვიერთოს და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ტერიტორია,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემა ეს არის საფუძველთა საფუძველი ნებისმიერი სახელმწიფოსი.
„ჩვენი გეგმა არის ის გეგმა, რომელსაც ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო მიჰყვება, რომელიც პატივს სცემს სახელმწიფოებრიობას. კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემა ეს არის საფუძველთა საფუძველი ნებისმიერი სახელმწიფოსი. ის ჯგუფები, რომლებიც არ სცემენ პატივს კონსტიტუციურ წესრიგს, თავს დემოკრატიის მიღმა აყენებენ, ამიტომ არ აქვთ მათ უფლება, ჰქონდეთ რაიმე პრეტენზია ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით. სწორედ ამას ეხება ეს ყველაფერი. ეს არ ეხება იქ ცალკეულ ჯგუფებს, ადამიანებს, მარგინალიზებულ ადამიანებს და ა.შ., რომელსაც ჩვენ ვხედავთ.
სინამდვილეში ეს [ინიციატივა] უცხოურ ჩარევას ეხება. ესეც არის გარე ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც ვაკვირდებით, როდესაც ცდილობენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციაზე თავდასხმით საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს ძირი გამოუთხარონ და ამით გაგვიუქმონ სახელმწიფო. ამის კარგი მაგალითია, რომ სიტყვა არ მქონდა ნათქვამი, გამოვიდა ესტონელი დეპუტატი და არალეგიტიმური წარმომადგენელი მიწოდა. ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს რამე ქართული მოვლენა კი არ არის, ეს არის გარედან დაკვეთა, რომ გააუქმონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დაგვაყენონ მოლდოვის გზაზე, რომ რაღაც მომენტში ვთქვათ, პატარა ვართ, უსუსურები, იქნებ ვინმემ მიგვიერთოს და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ტერიტორია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.