“ჩვენ ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა, სხვა მხრივ კონტაქტებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად.
„საქართველო ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად. ყველას შევახსენებ, რომ საქართველო პირველ ადგილზე არის ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე – ყველა სხვა ქვეყანასთან – ნატოს წევრ თუ არაწევრ ქვეყანასთან შედარებით შედარებით. ასევე ჩვენ ვართ მეოთხე ადგილზე ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც კი იმ კონტინგენტით, რომელიც გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი.
ეს არის ქართული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა და პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვენახა გვერდში დგომა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ჩვენ ვნახეთ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი დანაშაული არის ბაიდენის ადმინისტრაციისა, რომელიც, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოასწოროს.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოასწორებს. ჩვენ ამის მზაობა გვაქვს და ეს არაერთხელ განგვიცხადებია, ამიტომ ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომლებიც სამყაროში ხდება. რა თქმა უნდა, ყველა სხვა ამოცანასთან შედარებით ჩვენი უპირველესი ამოცანა არის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. ამავე დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის ჩვენი მზაობა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.