დავით ქართველიშვილი: საქართველო მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და სწორედ ეს აღიზიანებს ყველაზე მეტად მათ, ვინც სამართალს პოლიტიკური შანტაჟით ჩანაცვლებას ამჯობინებს
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის სანქციების სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა ვალდებული არაა, დაიცვას ევროკავშირის სანქციები. ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველოს მიმართ პრეტენზია იმის გამო, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა. დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, საქართველო არც ერთხელ არ გამოუვლენიათ სანქციების გვერდის ავლაში:
„ცრუ ბრალდებები არაერთხელ გაჟღერდა მედიური ფეიკების, პოლიტიკური განცხადებებისა და შიდა ოპოზიციური ნარატივების სახით. ყოველ ჯერზე, ეს ბრალდებები ან შემოწმებისას ქრებოდა, ან საერთოდ ვერ აღწევდა ფორმალური გამოძიების დონეს” – წერს დავით ქართველიშვილი.
მისი სიტყვებით, საქართველო მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და დანარჩენი, ევრობიუროკრატების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლაა.
„საქართველოს მისამართით პრეტენზიები იმის გამო, რომ იგი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ეფუძნება იურიდიული ცნებების პოლიტიკურ მოლოდინებად ჩანაცვლებას. ევროკავშირს არ აქვს და ვერ ექნება უფლება, მოითხოვოს ევროკავშირის მიღმა მყოფი სახელმწიფოებისგან საკუთარი სანქციური რეჟიმების შესრულება. ეს პირდაპირ და საჯაროდ დაადასტურა ევროკავშირის სანქციების სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა „The Guardian”-თან ინტერვიუში, სადაც აღნიშნა, რომევროკავშირის არაწევრი არც ერთი ქვეყანა ვალდებული არაა, დაიცვას ევროკავშირის სანქციები. შესაბამისად, საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველომ „დაარღვია” სანქციები, იურიდიულად თავიდანვე უსაფუძვლოა.
მანიპულაციის მეორე “სერია” არის მცდელობა, “არშეერთება” გაუთანაბრდეს სანქციების გვერდის ავლას. ეს ფუნდამენტურად განსხვავებული ცნებებია. სანქციების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, საქართველო ერთხელაც არ გამოუვლენიათ სანქციების გვერდის ავლაში, არც ევროკავშირის და აშშ-ის არც ერთ ოფიციალურ გამოძიებაში არ არსებობს არც ერთი დადასტურებული შემთხვევა, რომელიმე აკრძალული საქონლის რეექსპორტის, არც ფინანსური სქემების, არც ინსტიტუციური ხელშეწყობის თვალსაზრისით. მიუხედავად ადგილობრივი უსამშობლოების ამ კუთხით მუდმივი ჩასაფრების პოლიტიკისა, ეს არის ფაქტი, რომელსაც კრიტიკოსები სისტემატიურად უგულებელყოფენ.
ამავე დროს, ცრუ ბრალდებები არაერთხელ გაჟღერდა მედიური ფეიკების, პოლიტიკური განცხადებებისა და შიდა ოპოზიციური ნარატივების სახით. ყოველ ჯერზე, ეს ბრალდებები ან შემოწმებისას ქრებოდა, ან საერთოდ ვერ აღწევდა ფორმალური გამოძიების დონეს. საგულისხმოა, რომ სხვა ქვეყნებში სანქციების რეალური გვერდის ავლის შემთხვევებზე ევროკავშირი მოქმედებდა სწრაფად და მკაცრად, მათ შორის სანქციური ზომებისა და შეზღუდვების გამოყენებით. საქართველოს შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც, თავისთავად, წარმოადგენს სანქციების დარღვევის შემადგენლობის არარსებობის ირიბ დადასტურებას. შედეგი მარტივია და კრიტიკოსებისთვის უხერხული: საქართველოს ვერ დაადანაშაულებ ვერც სანქციების დარღვევაში და ვერც მათთვის გვერდის ავლაში.
ყველაფერი დანარჩენი არის ევრობიუროკრატების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა, შეფუთული მორალურ რიტორიკაში. რეალური დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს არა კატეგორიაში „ვალდებულია თუ არ არის ვალდებული”, არამედ ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების რისკებისა და ეკონომიკური მდგრადობის ჭრილში. ამ ეტაპზე კი საქართველო მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და სწორედ ეს აღიზიანებს ყველაზე მეტად მათ, ვინც სამართალს პოლიტიკური შანტაჟით ჩანაცვლებას ამჯობინებს. ასე რომ, დევიდ ო’სალივანს ახალი არაფერი უთქვამს, ოთხი წლის განმავლობაში მისი დუმილია უფრო მრავლისმეტყველი” – წერს დავით ქართველიშვილი.