ლევან მაჭავარიანი – რუსეთთან დიალოგზე: აგულიანებდნენ, რომ დაჩქარებული წესით ნატოსა და ევროკავშირში მიიღებდნენ უკრაინას, ჰპირდებოდნენ, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს გადასცემდნენ – დღეს ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა

“აგულიანებდნენ, რომ დაჩქარებული წესით ნატოსა და ევროკავშირში მიიღებდნენ უკრაინას, ჰპირდებოდნენ, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს გადასცემდნენ – დღეს ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა,”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რუსეთთან დიალოგზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქტორები 4 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველას უკრძალავდნენ რუსეთთან საუბარს და დიპლომატიის გზით ამ კონფლიქტის დასრულებას.

„ეს მიუთითებს მხოლოდ მათ უპასუხისმგებლო საქციელსა და პოლიტიკაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს აქტორები აგულიანებდნენ უკრაინას, რომ მათი დახმარებით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებდა. აგულიანებდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ დაჩქარებული წესით ნატოსა და ევროკავშირში მიიღებდნენ, ჰპირდებოდნენ, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემდნენ. დღეს ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და მათ გაწირეს უკრაინა, მოიქცნენ ასე უპასუხისმგებლოდ და ვინ იღებს იმაზე პასუხისმგებლობას, რომ 4 წელი ამყოფეს ასეთ მდგომარეობაში? ათობით მილიონი უკრაინელი უსახლკაროდ არის დარჩენილი, მილიონამდე დაღუპულია, ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. იმ ადამიანებს, ვინც 4 წელი ამ კოშმარში ცხოვრობენ, რამდენი წელი დასჭირდებათ ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოსასვლელად? აი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს უკრაინა და ახლა უპასუხისმგებლოდ იქცევიან და აცხადებენ, რომ თურმე რუსეთთან საუბარი ყოფილა საჭირო, მაშინ როდესაც სწორედ ეს აქტორები, 4 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველას უკრძალავდნენ რუსეთთან საუბარს და დიპლომატიის გზით ამ კონფლიქტის დასრულებას“, – აცხადებს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ევროპას მოუწოდეს, კრემლთან დიალოგის აღსადგენად სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები